ახალი ამბები

ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ – გორი 8 მარტს ქალთა მარშს შეუერთდება 

გორი უერთდება ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მარშს. 8 მარტს, 15:00 საათზე, თაეტრის სკვერში. ქალები გააპროტესებენ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტს, რომლის მიღებასაც პარლამენტი აპირებს. 

“მოზაიკა” ქალთა ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

ჩვენი უფლებები საფრთხეშია! ძალადობაგამოვლილი, რეგიონში მცხოვრები, მიგრანტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, ხანდაზმული, დასაქმებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვების მშობლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა და სხვა მრავალი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას ვიღებთ. ამ მხარდაჭერის დაკნინებისა და აკრძალვის შედეგად, ზიანდება მთლიანად საქართველოს მოსახლეობა. არ გვექნება უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი, ზრუნვაზე, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, ვერ დავიცავთ თავს მოძალადეებისგან, არ გვექნება შრომის ელემენტარული პირობები, ბედის ანაბარად მიტოვებული ვრჩებით საზოგადოების უამრავი ჯგუფი – შშმ პირები, ქალები, ბავშვები, და ამ სავალალო მდგომარეობას არავინ გააშუქებს, რადგან არ იარსებებს დამოუკიდებელი და ეთიკური მედია! სახელმწიფო, რომელიც ისედაც არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და უყურადღებოდ ვყავართ მიტოვებული, ახლა გეგმავს, შემოიჭრას ჩვენს პირად სივრცეში და ტოტალური კონტროლით შეგვიზღუდოს წვდომა საბაზისო უფლებებსა და მხარდაჭერაზე. 8 მარტს, ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში მარშს გავმართავთ, რომელშიც ვმონაწილეობთ ყველა, ვის ცხოვრებასაც მნიშვნელოვნად აუარესებს რუსული კანონის მიღება. Ჩვენ ვართ ყველგან და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას!

მარში გაიმართება შემდეგ ქალაქებში:

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური, ახალციხე, ახალქალაქი, ბოლნისი, გორი, თელავი, მარნეული, ნინოწმინდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.