სტატიები

ახალი ცოდნა, საქმე და შესაძლებლობები – რას აძლევს NGO სექტორი მოქალაქეებს? 

ტრენინგებზე მიღებული ცოდნით, მოგვიანებით კი საგრანტო კონკურსებით მოპოვებული დაფინანსების დახმარებით, უკეთესობისკენ არაერთი მოქალაქის ცხოვრება შეიცვალა. ასეთ ადამიანებს ყველა სოფელში, ყველა ქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში შეხვდებით. ისინი ამბობენ, რომ NGO სექტორმა, რომელსაც ხელისუფლება “უცხოური გავლენის აგენტად” გამოცხადებას უპირებს, მათ ახალი ცოდნა, ახალი საქმე და ახალი შესაძლებლობები მისცა. 

გრანტით მიღწეული მიზანი – ეთო თარაშვილის ამბავი:

ეთო პროფესიით კვებითი ინდუსტრიის ინჟინერია. ამ მიმართულებით უნივერსიტეტში 4 წელი ისწავლა.

“მაშინვე ვხვდებოდი, რომ ეს სფერო ჩემი არ იყო. ვგრძნობდი, სხვა რაღაც მაინტერესებდა. არადა, უკვე ამდენი დრო და ფინანსები მქონდა დახარჯული”.

Სწავლის დამთავრების შემდეგ, ეთომ საკუთარი პროფესიით სამსახურის შოვნა ვერ შეძლო.  უმუშევარი იყო, როცა “Save the children”-ის პროგრამის “მეწარმეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები” შესახებ გაიგო და ჩართვა გადაწყვიტა. 

“ახლა Რომ ვხედავ, ჩემი იდეა საქმედ როგორ იქცა, ძალიან მიხარია და სულ მის განვითარებაზე ვფიქრობ, მაგრამ დახმარების გარეშე, მართლა არ ვიცი, ახლა რას გავაკეთებდი ან თუ გავაკეთებდი რამეს”.

ეთომ პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნით და დაფინანსებით, სამკაულების ბრენდი “Mi Amor” შექმნა. ის სამკაულებს ნატურალური ქვებისგან ამზადებს და ამ ეტაპზე, სოციალური ქსელებით ყიდის. 

“უცნაური განცდა მაქვს, ძალიან იმედიანად ვარ. Მგონია, რადგან აქამდე მოვედი, ახლა უფრო მეტსაც გავაკეთებ. ამჟამად, დაფინანსება უკვე აღარ მაქვს და ყველა ხარჯს საკუთარი შემოსავლებით ვფარავ.”

ეთო ახლა გორში ცხოვრობს. Სამუშაო სივრცეც საკუთარ სახლში აქვს მოწყობილი, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამ მონდომებით და ინტერესით, ბიზნესის გაფართოებას და მალე, სხვა ადამიანების დასაქმებასაც შეძლებს.

ცოდნის მიღებიდან აქტიურ მოქალაქეობამდე – სოფო ასკილაშვილის ამბავი:

“საკუთარ მომავალზე ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა. არც ის ვიცოდი ბოლომდე, რაზე და რატომ მინდოდა სწავლის გაგრძელება”, – იხსენებს სოფო. 

ის “მოზაიკას” პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ერთ-ერთი მონაწილე იყო და როგორც თავად ამბობს, ეს იყო პირველი პროექტი, რომელმაც ახალ ცოდნასთან ერთად, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებაც მისცა. 

“მახსოვს, პროექტმა 20 – ზე მეტი ახალგაზრდა გაგვაერთიანა და საკუთარი სოფლის უბნის, თუ თემის პრობლემებზე ჯერ დაგვაფიქრა, შემდეგ კი აგვალაპარაკა, აქვე აღვნიშნავ, რომ ამ პრობლემებიდან ნაწილი უკვე მოგვარებულია. მე ახლა აბიტურიენტი ვარ, მისაღები გამოცდებისთვის ვემზადები, ამ პროექტმა ჩემში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა, რადგან გადაწყვეტილი მაქვს ჟრნალისტიკას გავყვე”. 

გრანტით დაწყებული მეწარმეობა – ჯონდო ცერცვაძის ამბავი:

ჯონდო პროფესიით იურისტია. უნივერსიტეტი 2 წლის წინ დაამთავრა, თუმცა ამ მიმართულებით სამსახური ვერ იშოვა.

“ეს ამბავი არავის გაჰკვირვებია. უამრავი ეგეთი შემთხვევაა. Სწავლობენ, უნივერსიტეტს ამთავრებენ, მაგრამ დასაქმებას ვერ ახერხებენ. გარშემო Სულ ეგრე არ ხდება?!”.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჯონდო მშობლიურ სოფელში, ზეღდულეთში დაბრუნდა. გასულ წელს კი, ახალგაზრული მუშაკის რჩევით, ეთოს მსგავსად, ისიც “Save the children”-ის პროგრამაში ჩაერთო.

“Მანდ გავიგე, რა იყო მეწარმეობა და მერე ჩემ ცხოვრებასაც სხვანაირად შევხედე. Მივხვდი, რომ რაც კარგად გამომდიოდა და მაინტერესებდა, შეიძლებოდა ჩემი საქმეც ის ყოფილიყო”.

ჯონდომ ნივრის და კიტრის მწნილის დამზადების ოჯახური ტრადიცია სტარტაპად აქცია და ბრენდი “წნილის მეფე” შექმნა. Საკუთარ ნაწარმს ის მალე მაღაზიებშიც შეიტანს. 

შანსი მომეცა, რაღაც შემეცვალა საკუთარ სოფელში – დოდო კუთარაშვილის ამბავი: 

“ძალიან სასიამოვნო განცდაა, როცა საკუთარ სოფელში რაღაცას უკეთესობისკენ ცვლი”, – ამბობს დოდო კუთარაშვილი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს. 

დოდო “მოზაიკას” იმ პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდები საკუთარ სოფლებში არსებულ პრობლემებს აშუქებდნენ და მედიაადვოკატირების კამპანიით, მათ მოგვარებას ცდილობდნენ. 

“პროექტმა მომცა საშუალება ნათლად დამენახა ჩემს თემში არსებული პრობლემები და ხმამაღლა მესაუბრა მათ შესახებ. ახლაგაზრდებისთვის მსგავი პრექტები საჭიროა, რადგან ეს მათ საშუალებას აძლევს განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და გახდნენ აქტიური მოქალაქეები. მსგავსი პროექტების არსებობა ბევრ ახალგაზრდას აძლევს საშუალებას საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში”. 

გრანტით გაშენებული მეურნეობა – ნათია ირემაძის ამბავი: 

ნათია ირემაძეს ამჟამად ყვავილების სათბური აქვს, სადაც სხვადასხვა ჯიშის მცენარეს აფესვიანებს. სათბურამდე ის სახლის წინ მდებარე ბაღჩას უვლიდა. მოვლის პროცესში, იქ ყვავილების დარგვის იდეა გაუჩნდა და მისი ახალი საქმის ისტორიაც აქედან დაიწყო.

“სამი წლის წინ დავინტერესდი სასათბურე მეურნეობით, მოვიძიე ინფორმაცია გრანტებთან დაკავშირებით. თავიდან არ მჯეროდა, სანამ არ დამირეკეს, რომ საგრანტო კონკურსში გავიმარჯვე და ჩემს კარ-მიდამოში უნდა აეშენებინათ სათბური, დევნილთა სამინისტროს და USAID-ის ერთობლი პროექტით გაკეთდა სათბური და შევუდექი მუშაობას”, – იხსენებს ნათია. 

ის ახლა უკვე სხვებს უზიარებს თავის გამოცდილებას – აძლევს რჩევებს და მცენარეების სწორად მოვლაში ეხმარება. მას სათბურში ერთი ადამიანიც ჰყავს დასაქმებული. სამომავლო გეგმების განხორციელების შემთხვევაში კი, ფიქრობს, რომ საკუთარ მეურნეობაში სხვა ადამიანების დასაქმებასაც შეძლებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.