სტატიები

საერთაშორისო დაფინანსების სახით, გორის მერიამ 2022 წელს 8 500 ლარის მოპოვება შეძლო

საერთაშორისო დაფინანსების მოპოვებაზე ზრუნვა გორის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის, სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ფუნქციაა. ამ მიმართულებით, სააგენტოში 3 თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც სხვა მოვალეობებთან ერთად, დაფინანსების მოპოვებასა და პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაციაზეც არიან პასუხისმგებლები.

რა ოდენობის დაფინანსების მოპოვება შეძლო სააგენტომ 2022 წელს და რა დანახარჯებით?

სტრატეგიული განვითარების სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, საერთაშორისო

დაფინანსების მოპოვების მიმართულებით მუშაობა 3 თანამშრომლის მოვალეობების ნაწილია. საააგენტოს კიდევ ერთი თანამშრომლის მოვალეობების ნაწილს კი, პოტენციური ინვესტორებისთვის კონსულტაციების გაწევა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.

“საერთაშორისო დაფინანსების მოპოვების მიმართულებით მუშაობა არის რამდენიმე თანამშრომლის მოვალეობების ნაწილი, კერძოდ: 1 მთავარი სპეციალისტის და 2 სპეციალისტის. გარდა ამისა, პოტენციური ინვესტორების მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობა არის ერთი მთავარი სპეციალისტის მოვალეობების ნაწილი”.

სააგენტოსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, ამ ოთხი თანამშრომლის ჯამური ანაზღაურება ერთ თვეში 2 860 ლარია, რაც ერთი წლის განმავლობაში 34 320 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ამ მიმართულებით, სააგენტოს მიღწევებს, ლაშა ხმალაძის ინფორმაციით, სააგენტომ გასულ წელს საერთაშორისო დაფინანსების სახით, 8 513.29 ლარი მიიღო.

“გასულ წელს სააგენტომ მიიღო 8 513.29 ლარი საერთაშორისო დაფინანსების სახით. აღნიშნული თანხა არის პროექტის: „დიახ, ახალგაზრდებს შეუძლიათ“ საგრანტო დაფინანსების ნაწილი”.

პროექტი სააგენტომ იტალიურ პარტნიორ ორგანიზაციასთან “Atelier Europeo” ერთად წარადგინა „ევროპის სოლიდარობის კორპუსის“ (ESC) პროგრამის საგრანტო კონკურსზე.

რა გაკეთდა პროექტის ფარგლებში?

პროექტის ფარგლებში, სააგენტომ უმასპინძლა 3 იტალიელ მოხალისეს, რომელთა მისია გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

“პროექტის საწყის ეტაპზე, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის რეკომენდაციით, შეირჩა გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლა, სადაც სკოლის მოსწავლეების საჭიროებებისა და ინტერესების კვლევის მიზნით, მოხალისეებმა გამართეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრები”, – ვკითხულობთ სააგენტოს მიერ მოწოდებულ დოკუმენტში.

მათივე ცნობით, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოხალისეებმა შეიმუშავეს შესაბამისი ტრენინგ-მოდულები სკოლის მოსწავლეებისთვის.

“გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, სააგენტო ახალგაზრდებს სთავაზობდა ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსს. ასევე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სააგენტოს იტალიელი მოხალისის მიერ, უნივერსიტეტის შენობაში, კვირაში ორჯერ ტარდებოდა საბაზისო იტალიური ენის შემსწავლელი უფასო კურსი ახალგაზრდებისთვის.”

სააგენტოს ცნობით, იტალიელმა მოხალისეებმა შეიმუშავეს და ევროპულ ორგანიზაციებთან პარტნიორობით წარადგინეს განაცხადი “ERASMUS +” პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანი სასწავლო გაცვლითი პროექტის განსახორციელებლად დაფინანსების მოპოვებაა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.