ახალი ამბები

გაცალმხრივდეს ქუჩა ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად – რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლები გორში 

“სახლებიდან ვერ გამოვდივართ, მანქანები ვერ გამოგვყავს, გაუსაძლისი გახდა გადაადგილება”, – ამბობენ გორში, რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლები, რომლებიც აღნიშნული ქუჩის გაცალმხრივებას ითხოვენ, თუმცა საკრებულოზე გატანილ დადგენილების პროექტს არ დაეთანხმნენ. 

საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია “ბილიკის” მიერ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის წარდგენილ განცხადებაზე, რომლითაც ორგანიზაცია ცალმხრივი მოძრაობის მოწყობას სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ითხოვს.

“გორის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მომართა ა(ა)იპ „საზოგადოება ბილიკმა“ და მოითხოვა ქ. გორში, შოთა რუსთაველის ქ. №24-დან №64-მდე ცალმხრივი მოძრაობის მოწყობა სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით”, – ნათქვამია განკარგულების პროექტში. 

ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის გაცალმხრივებას არ ეთანხმებიან ადგილობრივები და ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ საკრებულო და მერია შეცდომაში შეიყვანა. 

“ჩვენ ორჯერ შემოვიტანეთ წერილი და არც ერთხელ არ განიხილეთ, “ბილიკმა” შემოიტანა და გადაწყვიტეთ განხილვა. ვიწრო ქუჩაა და იქაც ძირითადად “ბილიკის” თანამშრომლების მანქანები დგას, გავლა შეუძლებელია. თეატრის მხრიდან დგას ნიშანი, რომ შესვლა არ შეიძლება და არც მოძრაობენ მანქანები, მაგრამ მე-6 სკოლის მხრიდან, თამარ მეფის ქუჩიდან უამრავი მანქანა შემოდის. ჩვენ გვინდა, რომ ქუჩა გაცალმხრივდეს ერეკლეს აბანოდან რუსთაველის მიმართულებით და ჩაიკეტოს თამარ მეფის მხრიდან”, – ამობენ ადგილობრივები. 

საკითხს სხდომაზე ხმაური მოჰყვა, დეპუტატები საერთო გადაწყვეტილებაზე ვერ შეჯერდნენ და საბოლოოდ საკითხი ჩავარდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.