სტატიები

არც წყალია და არც ბუნებრივი აირი, სკვერი რად გვინდა – რა პრობლემებია ლეთეთში 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეთეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტდად სკვერის მოწყობა შეირჩა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ კრებაზე პროექტი ხმათა უმრავლესობით არ შერჩეულა და მოსახლოების დიდ ნაწილს აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში მთავარ პრობლემა სასმელის წყლის არარსებობაა, თუმცა თანასოფლელებმა ამ პრობლემის მოგვარების არჩევის ნაცვლად, სკვერის მოწყობა არჩიეს. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული პროექტი მოსახლოებას თავად შესთავაზა.

სოფელს არც ბუნებრივი აირი მიეწოდება. მოსახლოების თქმით, მიუწესრიგებელია გზაც, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, სოფელში მაინც სკერის მოწყობა გადაწყდა. 

“სკვერის მაგიერ გაზზე იფიქროთ, ორ ნაბიჯზეა ქარელიდან და გაზი არა გაქვთ”, – წერს ია გიგაური.

“რა სკვერის მოწყობა?  ხუმრობთ, ხო? წყალი ან გაზი არ გინდათ? სულ რომ წუწუნია წყალზე და ჩხუბი!”, – წერს მაგდა ვალიევი. 

“წყალი 2 საათი აქვთ და გაზზე ოცნებობენ რამდენი წელია,  ელემენტარული წყალი არ გააჩნიათ და სკვერიო. სკვერი რათ უნდა, ნეტა ვიცოდე. ბაღი აქვთ, რომ სკვერი ჰქონდეთ თუ სკოლაა? წყალი არის ჯერ უპერველესი, მერე ყველა დანარჩენი”, – ამბობს მაკო გელაშვილი. 

მოქალაქეების საპაუსუხოდ, “მოზაიკა” ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს დაუკავშირდა. გიორგი იმერლიშვილის თქმით, სოფელში წყლისა და გზის პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებულია, რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მისი თქმით, აღნიშნული საკითხზე მსჯელობა ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა პროცესი გაჭიანურდა.

“ერთდადერთ პრობლემად რჩება ბუნებრივი აირი. ამასთან დაკავშირებით პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო მუშაობა. ჩამოსულები იყვნენ “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლები. მეც გავყევი და მოვანიშნინე ყველაფერი, თუმცა შემდეგ შეცვალეს გადაწყვეტილება და სხვა სოფლებში დაიწყეს სამუშაოები. დღესაც მაგაზე ვმუშაობთ და როდის დაიწყება არ ვიცით”, – გვითხრა გიორგი იმერლიშვილმა. 

მიუხედავად იმისა, რომ სოფელი ქარელიდან 2 კმ-შია, უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემაა. მოსახლეობის თქმით,  მოუწესრიგებელია შიდა გზები, არ არის საბავშვო ბაღი და სკოლა. აღსანიშნავია, რომ სოფელში მოსახლეობის რაოდენობაც შემცირებულია და ამ დროისთვის 100-მდე ოჯახს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.