სტატიები

შიდა დაპირისპირებები და პარტიის თავმჯდომარის არჩევნები – რა ხდება ენმ -ში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავმჯდომარის არჩევნებისთვის ემზადება. არჩევნებამდე ცნობილი გახდა, რომ პარტიის ხედვები ორად გაიყო. ენმ -ს წევრების ნაწილი ამჟამინდელი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობით უკმაყოფილოა.

ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ შიდა განხეთქილების თავიდან ასაცილებლად თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება აუცილებელია.

რას ფიქრობენ რეგიონულ ორგანიზაციაში, რამ გამოიწვია პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა და ვის უჭერენ მხარს გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის ორგანიზაციებში, “მოზაიკამ” ოთხივე მუნიციპალიტეტში პარტიის წარმომადგენლების პოზიციები შეაგროვა.

ანი ბალიაშვილი ენმ-ს წევრი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი:

“ჩამოსვლა და მოკითხვა კი არაა,პარტიის თავმჯდომარე გვიცნობს თუ არა,ეგეც არ ვიცი. გამარჯობა არასდროს უთქვამს,მოკითხვაზე და რეგიონის ამბების გაცნობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ასე, რომ მე როგორც, რიგით წევრს,ნამდვილად არ მჭირდება მელიასნაირი თავმჯდომარე. მე მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილს”.

ეკატერინე პაპუაშვილი ენმ – ს წარმომადგენელი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში:

“ღრმად ვართ დარწმუნებულები რომ ლევანი არის გარანტი მოძრაობისა და ცვლილებებისა, ამიტომ რაიონული ორგანიზაცია და მთელი აქტივი სრულად უჭერთ მხარს ლევან ხაბეიშვილს. ჩვენ არ ვებრძვით პარტიაში კონკრეტულ სახელს და გვარს, ჩვენ ვებრძვით უძრაობას და ამ უძრაობის დასასრულებლად აუცილებელი გახდა არჩევნების ჩატარება”.

ხაშურის რეგიონული ორგაზიაცია მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს – ეკა პაპუაშვილი 

მარიამ ქელეხსაშვილი, ენმ – ს წარმომადგენელი ქარელის საკრებულოში:

“თავმჯდომარე უნდა იყოს ასეთი!, – წერს ქელხსაშვილი სოციალურ ქსელში, ლევან ხაბეიშვილზე.

ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც აზრი ორად გაიყო კასპია. აქ პარტიის წევრების ნაწილი მხარს ნიკანორ მელიას უჭერს, რის შესახებაც ბრიფინგიც გამართეს. კასპელი ოპოზიციონერების მეორე ნაწილი კი, მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს.

“ჩვენი გადმოსახედიდან, არ იყო დრო, როდესაც პარტიაში უნდა ჩატარებულიყო შიდაპარტიული არჩევნები თავმჯდომარის ასარჩევად. თითოეული აქტივი, თითოეული ამომრჩეველი სრულად მხარს ვიჭერთ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნიკანორ მელიას. მას გააჩნია უნარი, მას შეუძლია სუფთა ნაბიჯებით სვლა პარტიის ერთიანობისთვის”, – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი შარიფაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვრიდან 30- იანვრამდე გაიმართება. პარტიის წევრებს ხმის მიცემა ელექტრონულად, შესაბამისი ბმულის საშუალებით შეუძლიათ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.