ახალი ამბები

“ეს რეალური პროგრამაა” – 2023 წელს ხაშურში შშმ პირების დასაქმების პროგრამა ამოქმედდება

2023 წელს ხაშურში შშმ პირების დასაქმების პროგრამა ამოქმედდება, – განაცხადა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა. 

მისი თქმით, ამ მიზნით მერიაში უკვე შეიქმნა სოციალური პროგრამა 

“მოგეხსენებათ, რომ მერიაში ჩამოყალიბდა ახალი სოციალური პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირებს დასაქმდნენ. პროგრამა წარმატებით განხორციელდა და ის უკვე გადაგზავნილია მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში და 2023 წელს უკვე გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში. ხაშურის მუნიციპალიტერი ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტია საქართველოში, რომელსაც ექნება შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა”, – გვითხრა ლიპარტელიანმა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, საკითხის გარშემო თვდაპირველად აზრთა სხვადასხვაობა იყო.

“ბევრი განსხვავებული აზრი იყო და ყველა გვეკითხებოდა, თუ როგორ შევძლებდით შშმ პირების დასაქმებას, მაგრამ შშმ პირების დასაქმების მსურველები უკვე გამოჩნდნენ. პირველივე ეტაპზე შშმ პირების დასაქმების სურვილი გამოთქვა ლევან გამრეკელმა, ეკა პაპუაშვილმა და ასევე პროფესიული სასწავლებელის ხელმძღვანელმა ხათუნა ლობჟანძემ. ასევე შევქმენით ბაზა შშმ პირების, რათა ყველას მოძიება შევძლოთ, ვისაც შეუძლია იშრომოს, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად და შემდეგ დავასქმოთ მათთვის შესაფერის ადგილებზე”.

ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის 10 000 ლარია გათვალისწინებული.

“თუ როგორ უნდა გავანაწილოთ ეს თანხა, ეს მოდელიც შემუშავებული გვაქვს. შშმ პირებს, ვისაც სურვილი ექნება, რომ პროფესიულ სასწავლებლელში ისწავლოს, ხაშურის მერია დააფინანსებს მათ ტრანსპორტირებას, ხოლო თანხის მეორე ნაწილი გრანტის სახით გაიცემა, იმის მიხედვით, თუ რომელი შშმ პირი რომელ პროფესიას აითვისებს, რაც სამომავლოდ მისი შემოსავლის წყარო იქნება. ასეთ ადამიანებს ვთხოვთ, რომ დაგვიკავშირდნენ. ასე, რომ ეს ინიციატივა არაა, ეს არის რეალური პროგრამა, რომლის განხორციელებასაც 2023 წლიდან დავიწყებთ”, – აღნიშნა ნინო ლიპარტელინმა.

დატოვეთ კომენტარი