ახალი ამბები

25 დეკემბერს გორში საშობაო ბაზრობა მოეწყობა

გორში, გოგებაშვილის სახელობის სკვერში, გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას ლოცვა – კურთხევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალისა და გორის ტურიზმის განყოფილების თანამშრომლობით, საშობაო ბაზრობა მოეწყობა.

ინფორმაციას გორისა და ატენის ეპარქია ავრცელებს. ეპარქიის განმარტებით, მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც ეხერხება ქსოვა, ქარგვა, რეწვა ან სხვა ლამაზი ხელნაკეთი ნივთების შექმნა.

“მონაწილეობა შეუძლიათ მათ, ვინც ამზადებს საკონდიტრო ნაწარმს, ჩირეულს, ტრადიციულ თუ თანამედროვე სახის ქართულ და ევროპულ ტკბილეულს, მარინადს, თაფლს, ღვინოსა და სხვა სახის პროდუქტებს. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია საახალწლო თემატიკის სათამაშოთი, აქსესუარით, მისალოცი ბარათით, წიგნით ან სხვა ნივთით”, – ავრცელებს გორის ეპარქია.

ორგანიზატორების თქმით, ნივთები და ნაწარმი გაიყიდება სიმბოლურ ფასად, მეპატრონე მიიღებს ფინანსურ სარგებელს და სურვილისამებრ გაიღებს შესაწირს.

“სკვერის ცენტრში დაიდგმება ყუთი, შემოსული თანხით საშობაოდ დავეხმარებით მრევლის ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს”, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

საშობაო ბაზრობა 25 დეკემბერს, 12 საათზე დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.