ახალი ამბები

“ხაშურში, წყლის სისტემებს არაკვალიფიციური კადრები ემსახურებიან” – აუდიტის დასკვნა

ხაშურში მოსახლეობისთვის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებელია მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ “ხაშურსერვისი”.

აღნიშნული ა(ა)იპ-ის ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოფს სასმელი წყლის სისტემის მოვლაპატრონობა და მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის წყლის მიწოდება.

“აღნიშნული პროგრამის განხორციელება გამიზნულია ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მეტად მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო პრობლემის მოსაგვარებლად, აქედან გამომდინარე ის მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დასაქმებული პერსონალის პროფესიონალიზმზე”, – ვკითხულობთ ხაშურის მერიის აუდიტის სამსახურის დაკსვნაში.

დოკუმენტის მიხედვით, მერიის აუდიტის სამსახურმა ა(ა)იპ-ის ბოლო სამი წლის მუშაობა (2019-2021) შეაფასა და განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ წყლის სათავე-ნაგებობების მოვლა-პატრონობის პროგრამაზე გაამახვილა.

“ორგანიზაციაში წყლის სისტემებს ემსახურებიან ისეთი თანამშრომლები, რომელთა გამოცდილებაც ვერ აკმაყოფილებს საქმიანობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს და აქედან გამომდინარე ჩნდება მოსაზრება, თუ რამდენად ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდება შეუძლიათ მოსახლეობისთვის”, – წერია დასკვნაში.

დოკუმენტში, აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ადამიანური რესურსების არასწორმა მართვამ შესაძლოა თანხების არაეფექტიანი ხარჯვაც გამოიწვიოს.

“დასაქმებულთა რაოდენობის არასწორი განსაზღვრა ხშირად თანხების არაეფექტიან და არაპროდუქტიულ ხარჯებს იწვევს.”

საკადრო პოლიტიკის გარდა, აუდიტი ა(ა)იპ-ში არსებულ სხვა ხარვეზებზეც მიუთითებს. მაგალითად, წერს, რომ “ხაშურსერვისს” არ აქვს განსაზღვრული ის ინდიკატორები, რითიც საკუთარი მუშაობის შედეგები უნდა შეაფასოს.

“არ არის განსაზღვრული შეფასების ინდიკატორები და აქედან გამომდინარე შესაძლოა ითქვას, რომ აღნიშნული პროგრამა ვერ იძლევა მოსახლეობის ხარისხიანი წყლით მომარაგებისა და ეფექტიანობის გარანტიას”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

აუდიტის დასკვნაში ამ პროგრამის დაფინანსებისთვის გაღებული ხარჯებიც არის დაანგარიშებული, რომლებიც 2019-2020 წლებში სრულად შრომით ანაზღაურებაზე დაიხარჯა.

“2019 წელს დაიხარჯა 19 971.5 ლარი, 2020 წელს დაიხარჯა 22 845.35 ლარი, ხოლო 2021 წელს 72 523,59 ლარი”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.