ახალი ამბები

“სადაა ჩემი სამშობლო, რისთვის ვისწავლე, თუ ასე გამომაგდებდნენ ჩემი ქალაქიდან?!” – გიორგი ჩუბინიძე

ახალგაზრდა, რომელმაც საქართველო დატოვა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ გარემოებებზე და მიზეზებზე საუბრობს, რომლებმაც ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგა. 

როგორც პოსტში ვკითხულობთ, გიორგი ჩუბინიძემ 2022 წლის გაზაფხულზე ვენა დატოვა და მშობლიურ ქალაქში, ხაშურში იმ იმედით დაბრუნდა, რომ საკუთარი მიზნების და გეგმების განხორციელებას შეძლებდა. 

“2022 წლის 17 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქ ვენადან გავაგზავნე სივი, სამოტივაციო, განვითარების ხედვა და სხვა დოკუმენტები ხაშურის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე. საქმე ეხებოდა ჩემს სურვილს, დამეკავებინა ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის ვაკანტური პოსტი (ხელფასი ამ პოზიციის 600-700 ლარი)”, – წერს გიორგი. 

პოსტიდან ვიგებთ, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობა გიორგის მუნიციპალიტეტში კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებისთვის სურდა. 

“ხაშურში მყოფმა, ამ სამსახურის მომლოდინემ, სრულიად უანგაროდ მაინც ჩავატარე კონფერენცია, გამოფენა და სხვა აქტივობები. ვეცადე ჩემი წვლილი რიგითი მოქალაქის პოზიციიდან შემეტანა რეგიონის განვითარების საკითხში, რადგან კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ ქვეყნის წინსვლა ვერ იქნება, თუ მუნიციპალიტეტები, მისი საზოგადოება არ გაძლიერდება და არ შექმნის ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას. ამიტომ ვიყავი მზად მემუშავა ხაშურში და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გამეტარებინა ამ დიდი მისიის განხორციელებაში.”

გიორგი წერს, რომ საკუთარი მიზნები მუნიციპალიტეტის მერს პირადად გააცნო. მისი პოსტიდან იმასაც ვიგებთ, რომ მას რეკომენდაცია სხვადასხვა სექტორის წამომადგენლებმა გაუწიეს.  

“გავაგზავნე 10-მდე რეკომენდაცია-წერილი საქართველოს წამყვანი ბიბლიოთეკების, მუზეუმების, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო, საეპარქიო და სხვა დაწესებულებებისგან, რომელთა ხელმძღვანელი პირებიც პირადად მიცნობდნენ და პირადი ურთიერთობების საფუძველზე მაფასებდნენ (ამ ადამიანებს აქ არ დავასახელებ, თუ სურვილი აქვთ თავად იტყვიან სათქმელს, უდიდესი მადლობა მათ). ამავე წლის აპრილის დასაწყისში, უკვე საქართველოში მყოფი შევხვდი ხაშურის მერს და პირადად გავაცანი თავი, ჩემი ხედვა და მიზანი. არანაირი პასუხი.”

რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, გიორგიმ ისევ ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა. წერს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მისთვის რთული იყო, თუმცა ფიქრობს, რომ სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა.

“ის დანაზოგი, რაც ამ სამსახურის ლოდინისთვის მქონდა გადადებული ნელ-ნელა იწურებოდა, ისევე როგორც ჩემი გამძლეობა, გულის ტკენა და იმედგაცრუება, რომ ევროპიდან დაბრუნებული რიგითი ახალგაზრდა, დიდი მიზნებით და იმედებით, აქ არავის სჭირდება და ის იძულებულია ისევ წავიდეს… ისევ წასვლა, უკვე მეორე ემიგრაცია გახდა ჩემი საფიქრალი და ამ ლოდინიდან 7 თვის შემდეგ წამოვედი.”

პოსტის დასასრულს გიორგი წერს, რომ მან საქართველოში ყოფნისას, თავი უსარგებლოდ, არასაჭიროდ ჩათვალა, რისი განცობიერებაც მისთვის ყველაზე მტკივნეული იყო.

“სადაა ჩემი სამშობლო, რისთვის ვისწავლე, რისთვის ვაკეთე და რისთვის მჯეროდა ჩემი მიზნების, თუ ასე გამომაგდებდნენ ჩემი ქვეყნიდან, ჩემი ქალაქიდან… დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, მე მინდა დავბრუნდე და ვაკეთო ჩემი საქმე, მაგრამ მიმიღეს? ხვალვე დავბრუნდები, ერთხელ კი არა ათასჯერ დავბრუნდები, მაგრამ სად? დამიძახა ვინმემ?”

გიორგი ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, სადაც სწავლობს და პარალელურად მუშაობს კიდეც. 

“გერმანიის დედაქალაქმა, ბერლინმა მიმიღო… აქ ვსწავლობ და ვმუშაობ, მაგრამ ჩემი გონება ისევ იქაა, რომ ისევ შემიძლია დაბრუნება და როცა დავბრუნდები, უკეთესი საქართველო იქნება.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.