ახალი ამბები

ეს მასწავლებლების დამსახურებაცაა – ლიზი ბერიანიძის უმაღლესი ქულა გეოგრაფიაში

ლიზი ბერიანიძე N12 საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელმაც გეოგრაფიაში საქართველოს მასშტაბით უმაღლესი შეფასება, 59 ქულიან ტესტში 56 ქულა მიიღო.

გეოგრაფიის გარდა, ლიზი ქართულის, ინგლისურისა და ისტორიის ტესტებშიც მაღალი ქულებით გამოირჩა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

ჩვენთან საუბრისას ლიზი განმარტავს, თუ როგორ მიიღო ასეთი შედეგი.

„მართალია, ძალიან კარგი ქულა ავიღე გეოგრაფიაში, თუმცა როცა ჩემი ნაშრომი ვნახე, მივხვდი, რომ კიდევ უფრო მეტის აღება შემეძლო, რომ არ მენერვიულა. საბოლოო ჯამში შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს შედეგი მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. მე მყავს არაჩვეულებრივი რეპეტიტორები და ვთვლი, რომ მათ გარეშე წარმატები მიღწევა ძალიან რთული იქნებოდა.“

ლიზი სწავლის გაგრძელებას საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვან ფაკულტეტზე აპირებს

„ყოველთვის მიზიდავდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები და ვთვლი, რომ საკუთარი თავის ყველაზე უკეთ წარმოჩენას ამ სფეროში შევძლებ”

ლიზი მომავალ აბიტურიენტებს ურჩევს, რომ დრო სწორად გადაანაწილონ და გამოცდებისთვის მზადების პროცესში, საკუთარ თავს დროდადრო დასვენების უფლებაც მისცენ. 

“საბოლოო ჯამში, ყველაზე მთავარი მაინც საკუთარ თავზე მუშაობა და დროის ეფექტური განაწილებაა. მომავალ აბიტურიენტებაც სწორედ ამას ვურჩევდი, იმუშაონ საკუთარ თავზე, გაანაწილონ დრო, არ გადაიღალონ და თავს დასვენების უფლებაც მისცენ, რადგან დასვენებაც აუცილებელია და გადაღლილი ტვინი ახალ ინფორმაციას ეფექტურად და საფუძვლიანად ვერ იღებს”. 

დატოვეთ კომენტარი