სტატიები

ზაფხული სასმელი წყლის გარეშე თვალადში და 200 338 ლარი ახალი სისტემის მოსაწყობად

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში, სასმელი წყლის ახალი სათავე ნაგებობის (ჭაბურღილი), სამარაგო რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოების შესასყიდად ტენდერი გამოცხადდა. კასპის მერიამ სამუშაოებისთვის 200 338 ლარი გაითვალისწინა.

სატენდერო პირობების მიხედვით, წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულია არსებული რეზერვუარის ტერიტორიაზე საპროექტო საქლორატორის მოწყობა.

“აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს წყალმომარაგების გაუმჯობესებას. საჭიროა ჭაბურღილის, სატუმბო სადგურის და მაგისტრალის მოწყობა ჭაბურღილიდან წყალშემკრებ რეზერვუარებამდე. ჭაბურღილიდან წყალი უნდა მიეწოდოს სადაწნეო მილსადენით პოლიეთილენის მილით და დაერთდეს არსებულ მილსადენზე. მოსაწყობია სანიტარული ზონა, საქლორატორო. და გასათვალისწინებელია ელ.ენერგიის მიწოდების აუცილებლობა”, – ნათქვამია დოკუმენტაციაში.

პროექტის მიხედვით, თვალადში უნდა მოეწყოს ახალი ჭაბურღილი, საიდანაც წყალი უნდა მიეწოდოს არსებულ რეზერვუარს.

აღსანიშნავია, რომ თვალადის მოსახლეოება წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით “მოზაიკასთან” ამბობდა, რომ ოჯახების ნაწილს წყალი საერთოდ არ აქვს, ნაწილს კი – მხოლოდ დაბინძურებული.

“4 თვეში უნდა გაკეთებულიყო წყალი, მაგრამ ალბათ 4 წელი გავა და არ გააკეთებენ. სამახსოვროდ დაგვიტოვეს “შლანგები” და წყალი არ მოდის. გზა გადათხარეს, ჯერ სულ რა გზა გვქონდა და ისიც გააუბედურეს”, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მაია სიდამონიძემ.

გზა გადათხარეს, მილები ჩაყარეს, წავიდნენ და უწყლოდ დაგვტოვეს – ვითარება თვალადში

თვალადში სასმელი წყლის სათავის და ქსელის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ერთი წლის წინაც გამოცხადდა, ხელშეკრულება კომპანიას “მამისონი” გაუფორმეს და სამუშაოების შესასრულებლად 559 615 ლარი გადაუხადეს. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას უნდა მოეხდინა თვალადის სასმელი წყლის სათავისა და ქსელის რეაბილიტაცია და სოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. აღნიშნული სამუშაოები გასული წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.

ინფორმაციისთვის, სოფელ თვალადში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 490 სულს, კომლთა რაოდენობა კი – 120 ოჯახია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.