ახალი ამბები

გზა გადათხარეს, მილები ჩაყარეს, წავიდნენ და უწყლოდ დაგვტოვეს – ვითარება თვალადში

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში, ოჯახების ნაწილს წყალი საერთოდ არ აქვს, ნაწილს კი – მხოლოდ დაბინძურებული. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, სამუშაოები რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. 

“4 თვეში უნდა გაკეთებულიყო წყალი, მაგრამ ალბათ 4 წელი გავა და არ გააკეთებენ. სამახსოვროდ დაგვიტოვეს “შლანგები” და წყალი არ მოდის. გზა გადათხარეს, ჯერ სულ რა გზა გვქონდა და ისიც გააუბედურეს”, – ამბობს მაია სიდამონიძე.

თვალადში სასმელი წყლის სათავის და ქსელის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ერთი წლის წინ გამოცხადდა, ხელშეკრულება კომპანიას “მამისონი” გაუფორმეს და სამუშაოების შესასრულებლად 559 615 ლარი გადაუხადეს.

აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოები დღემდე არ დაუსრულებია. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდიდან ვიგებთ, რომ “მამისონმა” ხელშეკრულების ვადას 190 დღით გადააცილა.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას უნდა მოეხდინა თვალადის სასმელი წყლის სათავისა და ქსელის რეაბილიტაცია და სოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. აღნიშნული სამუშაოები გასული წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.

თუმცა ამ დროისთვის, სასმელი წყალს ვერც ის ოჯახები იღებენ, რომლებსაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, ამის პრობლემა არ ჰქონდათ. 

“გვქონდა წყალი, რომელიც გამოსადეგი იყო დასალევად. შემდეგ ვითომ რეაბილიტაცია დაიწყეს, რომ ყველას გვქონოდა წყალი და შეეყვანათ სახლებში, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ დასალევადაც აღარ ვარგა. წვიმის დროს მოდის ძალიან მღვრიე და ჯანმრთელობისთვის საშიში წყალი, გვიწევს სხვა უბნიდან წყლის მოტანა”, -გვითხრა მარი მექანარიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.