სტატიები

ქარელში, თამარ მეფის ქუჩაზე წყალი მოედინება – ვინ არ(ვერ) შეასრულა სამუშაოები

ქარელში, თამარ მეფის ქუჩაზე გზა დაზიანებულია და მიწიდან წყალი მოედინება. ადგილობრივები ამბობენ, რომ 5 თვის წინ წყლის მილების შეცვლის მიზნით, გზა გათხარეს, თუმცა სამუშაოები არაჯეროვნად შესრულდა.

“გზა გადათხარეს წლის მილების რეაბილიტაციის მიზნით, მაგრამ აქ რეაბილიტირებულის არაფერი ჩანს, როგორც გადათხარეს ისევე მიაყარეს უკან მიწა, გაკეთების ნაცვლად გააფუჭეს, მას შემდეგ ასე მოჩქრიალებს ამ ქუჩაზე 4-5 ადგილია სადაც ასე ამოდის მიწიდან წყალი”, – ამბობენ ადგილობრივები.

“მოზაიკა” ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა, უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოებისთვის ტენდერი არ გამოუცხადებიათ და საკითხის გასარკვევად კვლავ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გადაგვამისამართეს.

“აღნიშნულ ქუჩაზე სასმელი წყლის მილების რეაბილიტაციისთვის ტენდერი ჩვენ არ გამოგვიცხადებია, ვერ გეტყვით, რომელმა კომპანიამ იმუშავა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას უნდა მიმართოთ”, – განაცხადეს ქარელის მერიაში.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელის თქმით, თამარ მეფის ქუჩაზე ამჟამად სასმელი წყლის ძველი მილების ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს და რეაბილიტაცია მალე დასრულდება.

“ახლა მიდის ძველი მილების ამოცვლა, როგორც მე ვიცი ძველ მილებში წყალი არ არის გაშვებული. თუ კონტრაქტორმა რაიმე დააზიანა, მოვიკვლევთ და გავაკეთებინებთ”, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე თვის წინ ხელშეკრულება გაუფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას “ჯეო ქონსტრაქშენ”, რომელსაც თამარ მეფის ქუჩის პირველ ჩიხში სანიაღვრე არხის მოწყობისთვის 7588 ლარი გადაუხადა, ამავე კომპანიას გაუფორმა ხელშეკრულება აღნიშნულ ქუჩის მეორე შესახვევში წყალგამტარი არხის მოწყობის სამუშაოებისთვის, რისთვისაც 53 227 ლარი დახარჯა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები