ახალი ამბები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გორელი კაპიტანი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს 

ვოვა თავაქარაშვილი საქართველოს საკალათბურთო 20 წლამდე ნაკრების კაპიტანია. კალთბურთის თამაში 11 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ, არაერთი გუნდის მაისური მოირგო.

ქართული კარიერის შემდეგ, ვოვამ ესპანური საკალათბურთო გამოცდილება მიიღო. თამაშობდა ჯერ „მიერესში“, შემდეგ კი ცხოვრობდა ბარსელონაში და ადგილობრივი კლუბის „ელჰოსპიტალიეტის“ ღირსებას იცავდა.

ახალგაზრდა „შუთერი“ ამავდროულად საქართველოს U20 ნაკრების კაპიტანია.

“ნაკრებში თამაში ბედნიერებასთან ერთად დიდი გამოწვევაა, ხოლო კაპიტნობა კიდევ უფრო ზრდის შენს პასუხისმგებლობას გუნდის წინაშე. ნაკრების კაპიტნობა პატარა ასაკიდანვე მერგო წილად და მას შემდეგ დიდი გზა გამოვიარე. როცა სამკლაური გიკეთია, ნიშნავს, რომ გუნდის მეორე მწვრთნელი ხარ პარკეტზე. კაპიტანი უნდა უნდა იყოს ლიდერი, ოღონდ არა აუცილებლად დაგროვილ ქულებში. ლიდერი მაშინ ხარ, როცა გუნდი შენს სიტყვას ენდობა და მისი თითოეული წევრისთვის მუხტის მიცემა შეგიძლია”,- ამბობს ვოვა თავაქარაშვილი. 

“მოზაიკასთან” საუბრისას, ვოვა თავაქარაშვილმა დაადასტურა, რომ კარიერას მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს.

“მქონდა არაერთი შემოთავაზება შტატებიდან, კერძოდ D1 კოლეჯის ლიგიდან და საბოლოოდ ერთ-ერთთან შეთანხმებაც შედგა. შტატებში მალე გავემგზავრები, მხოლოდ საბუთების მოგვარების ეტაპი დარჩა. ეს, რა თქმა უნდა, გამოწვევაა და ჩემი ოცნებაც ასეთ ლიგაში თამაში იყო. იმედია ყველაფერი კარგად იქნება და სულ მალე ახალ გუნდს შევუერთდები”, – გვითხრა ვოვამ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები