ახალი ამბები

გარემოვაჭრეები ახალ ბაზარში ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიბოლურ ფასად შეძლებენ – გორის მერია

გორში, ქართლისა და გურამიშვილის ქუჩები უსახური დახლებისაგან გაიწმინდა.

გორის მერიის ინფორმაციით მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით, ამ ქუჩებზე გარევაჭრობა ხორციელდებოდა, რის გამოც, ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, ასევე საფრთხე ექმნებოდა, როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად გადაადგილების მსურველებს. პრობლემები ექმნებოდათ ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც. გარევაჭრობისას, გარდა იმისა რომ ირღვეოდა კანონი, მახინჯდებოდა ქალაქის იერსახე და ქუჩები ნაგვიანდებოდა.

“გორის მერიამ ქართლის ქუჩა გაასუფთავა, იმ უსახური, მარტივი კონსტრუქციებისგან,  რომელიც იყო ანტისანიტარიის წყარო, ნაგვის ბუდე იყო გარშემო. ასევე გადაადგილებაში უშლიდა ხელს , როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე ადგილობრივ მაცხოვრებლებს”, –  ამბობს გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ანესაშვილი.

გორის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებში საქმიანობის გაგრძელება რამდენჯერმე შესთავაზა. წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში, მერიისა და კერძო მესაკუთრის შეთანხმების შედეგად, ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიბოლურ ფასად შეძლებენ.

კონსტრუქციებისგან ამ ქუჩების გასუფთავების შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები ბოლოს სამი კვირის წინ, 14 ივნისს გააფრთხილეს და ტერიტორიის გასასუფთავებლად ერთი კვირის ვადა მისცეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.