ახალი ამბები

ახალგაზრდებმა საკუთარი სოფელი დაასუფთავეს – ფოტოები თვალადიდან

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში ახალგაზრდებმა დაბინძურებული ადგილები დაასუფთავეს. ამბობენ, რომ ეს იდეა უფროს თაობასთან საუბრის დროს გაუჩნდათ.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობას ათამდე ახალგაზრდა იღებდა. ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, მიზანი მოქალაქეებში თვითშეგნების ამაღლება და გარემოზე ზრუნვის პოპულარიზაციაა.

“ჩემსა და ჩემს მეგობრებში, ყოველთვის ბრაზს იწვევდა ის ფაქტი, რომ ნაკლებად ვზრუნავთ ჩვენს გარემოზე. სადაც ვყოფილვარ, ექსკურსია იყო თუ უბრალოდ ბუნებაში გასვლა, ყოველთვის ვაწყდებოდით შეგნებულად დატოვებულ ნაგავს. ხშირად ყოფილა, რომ აგვიკრეფია სხვისი დაყრილი ნარჩენები. ჩვენს სოფელშიც იგივე პრობლემაა. შევთანხმდით, რომ მოგვეწყო დასუფთავების ერთი დღე და ჩვენი წვლილი შეგვეტანა გარემოზე ზრუნვაში. გვინდა, რომ ეს მაგალითი იყოს მოზარდებისთვის, რათა იზრუნონ თავიანთ სამშობლოზე”, – ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი მარი მექანარიშვილი.

თვალადში მცხოვრები ახალგაზრდები ამბობენ, რომ სოფელში ნაგვის ურნების ნაკლებობაა და მოსახლეობას ნარჩენების გადასაყრელად შორს წასვლა უწევს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.