სტატიები

“ატკატი”, ბიტკოინები და აზარტული თამაშები – გორის კულტურის სააგენტოს სკანდალები

გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მედიის ყურადღების ქვეშ არაერთხელ მოექცა.

აღნიშნულ სააგენტოს უკავშირდება გორში მომხდარი ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული საქმეები, როგორიცაა ე.წ. ბიტკოინების საქმე და აზარტული თამაშებისთვის ბიუჯეტიდან გაფლანგული დიდი ოდენობით თანხა, რომლის გამოც, ამავე სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს, ბიტკოინების საქმეზე კი, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.


ამჯერად, კულტურის სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციულმა სააგენტომ.

არსებული ინფორმაციით, 26 მაისის ღონისძიებისთვის სააგენტომ გამარტივებული წესით შეისყიდა პიროტექნიკა ერთ-ერთი ინდ.მეწარმისგან. გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის სააგენტოს პროექტების მენეჯერმა ქრთამის სანაცვლოდ უზრუნველყო ის, რომ სწორედ აღნიშნულ ინდ.მეწარმესთან გაფორმებულიყო გამარტივებული შესყიდვა.

სააგენტოში ამბობენ, რომ პროექტების მენეჯერს შესყიდვებთან წვდომა ვერ ექნებოდა, რადგან აღნიშნული საქმე მის მოვალეობაში არ შედის. არაოფიციალური ინფორმაციით, სააგენტომ ინდ.მეწარმეს პიროტექნიკისთვის ღირებულებაზე მეტი თანხა გადაუხადა, შემდეგ კი გადახდილი თანხის ნაწილი მაია შარაშენიძემ ხელზე აიღო. 

რა არის “ატკატი” ? 

თანხა, რომელსაც თანამდებობის პირი იღებს კომპანიისგან ან პირისგან, რომელსაც წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ ან უსამართლოდ გადასცა საბიუჯეტო თანხებიდან. 

გამოვლენილი საეჭვო გარემოების გამო, ანტიკორუფციულმა სამსახურმა გამოძიება დაიწყო და საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. კულტურის სააგენტოს პროექტების მენეჯერის ინტერესებს ადვოკატი, თამარ თედლიაშვილი იცავს. მისი განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია შარაშენიძე 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მაია შარაშენიძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა, მანამდე ის შვებულებაში იმყოფებოდა. 

“იქიდან გამომდინარე, რომ ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გეტყვით, რომ ამ საქმეზე უკვე გაიმართა სასამართლო პროცესი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო და თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა”, – განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში გახმაურებული საქმეების ფონზე, რამდენჯერმე განხორციელდა საკადრო ცვლილებაც, შეიცვალა სააგენტოსი და კულტურის ცენტის ხელმძღვანელები. ერთი თვის წინ კი, კულტურის სააგენტოში ოპტიმიზაციის პროცესის დაწყების შესახებ გახდა ცნობილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.