ახალი ამბები

ხაშურის საკრებულოში ოპოზიციამ საპატრული პოლიციის მიწვევა მოითხოვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკატერინე პაპუაშვილმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიწვევა მოითხოვა.

“ათი წუთი ვიდექი გუშინ რუსთაველის ქუჩაზე და ჩვეულებრივი რალი ჰქონდათ მოწყობილი მანქანებს. ასე უბრალოდ პოლიციის დგომა, პრობლემას ვერ აგვარებს. ერთადერთი გამოსავალი ვფიქრობ, რომ არის მოვიწვიოთ პოლიციის წარმომადგენლები და ერთად ვეძიოთ გზა, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, გვირჩიონ რა გავაკეთოთ. რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს, რომ ამ საკითხით დავინტერესდეთ, ჩვენ საკრებულოს ის მაინც შეგვიძლია, რომ მოვთხოვით ამ ადამიანებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს”, – განაცხადა პაპუაშვილმა

პაპუაშვილს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან გამრეკელმა უპასუხა. მისი თქმით, ხაშურში უკვე დაიგეგმა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

“გათვალისწინებულია ყველა დეტალი, გეგმის შემუშავების დროს მოწვეული გვყავდა, როგორც პატრულ-ინსპექტორები, ასევე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელიც და მათთან ერთად განვიხილეთ ყველა ეს საკითხი და პრობლემა. მოგვცეს რჩევებიც თუ სად უნდა დაყენდეს საგზაო ნიშნები და კამერები,ასევე დავგეგმეთ საპარკინგე ადგილების მოწყობაც, რაც მოაგვარებს პრობლემას და ქუჩები ასეთი გადატვირთული აღარ იქნება”, – აღნიშნა ლევან გამრეკელმა.

ინფორმაციისთვის, ბოლო 1 თვეში ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი