ახალი ამბები

რა სარგებელი მოუტანა დუგლაძეს ივანიშვილის ძმის ბიზნესპარტნიორობამ

​​ხაშური-ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ზაალ დუგლაძის კომპანიებმა, სახელმწიფოსგან რთველის სუბსიდიის პროგრამის ფარგლებში, 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა ავრცელებს.

“ჯამურად 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო სააქციო საზოგადოება „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანამ“ და შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანიამ”. ეს კომპანიები უკავშირდება ზაალ დუგლაძეს, საქართველოს პარლამენტის წევრს “ქართული ოცნებიდან””, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზაალ დუგლაძეს წილები 6 კომპანიაში აქვს. აღსანიშნავია, რომ მისი ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილია. 

სააქციო საზოგადოება “კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანამ” ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით 1 342 509 ლარი მიიღო. ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა დავით დუგლაძე, წევრები კი – ეკატერინე დუგლაძე – დავით დუგლაძის ძმის, პარლამენტის ხაშურის და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაალ დუგლაძის მეუღლე- და ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი არიან.

შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანიამ” ღვინის სააგენტოდან სუბსიდიის სახით მიიღო 759,988.25 ლარი მიიღო.

ამ კომპანიას 23-23 პროცენტიანი წილით ფლობენ დავით დუგლაძე, ზაალ დუგლაძე, რომელმაც ამ კომპანიაში თავისი წილი ძმაზე გაასხვისა, ალექსანდრე ივანიშვილი და მალხაზ ყანჩაველი. 8 პროცენტის მფლობელია გიორგი კაპანაძე, რომელსაც ორმაგი, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. კომპანიის დირექტორია დავით დუგლაძე.

დავით დუგლაძე “ქართული ოცნების” მსხვილი შემომწირველია. 2016-2020 წლებში მან 155 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას. 2012 წელს მას 60 000 ლარი ჰქონდა შეწირული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.