სტატიები

ბიტკოინები და აზარტული თამაშები – რა ხდება გორის კულტურის სააგენტოში

ბიტკოინების ქარხანა ბიუჯეტი ხარჯზე, აზარტული თამაშების ანგარიშებზე გადარიცხული ასიათასობით ლარი, – ეს ცნობები გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს შესახებ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გავრცელდა.

აღნიშნული სააგენტო საზოგადოებისა და სამართალდამცავი უწყებების ყურადღების ქვეშ მასშემდეგ მოექცა, რაც ანტიკორუფციულმა სამსახურმა აღმოაჩინა, რომ წლების განმავლობაში სააგენტოში ბიტკოინების ქარხანას ბიუჯეტის ხარჯზე ამუშავებდნენ. ფაქტის დადასტურების შემდეგ, თანამდებობრივი პასუხისმგებლობა იმჟამინდელი ხელმძღვანელის მოადგილეს, გიორგი ქვათაზეს დაეკისრა და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ბიტკოინების ქარხანა, სწორედ მას ეკუთვნოდა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება და დაკავებული არავინაა, ბოლო ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური ექსპერტიზის პასუხების მოლოდინშია.

დაუსრულებელი გამოძიების პარალელურად, ორ თვის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტო, ბიუჯეტის თანხებს აზარტული თამაშების ანგარიშებზე რიცხავდა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ნახევარ მილიონ ლარზე.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო, უწყების ცნობით, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

მოზაიკას” ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ილურიძე გორის მერიაში შეხვედრაზე იმყოფებოდა, თუმცა ოფიციალური კომენტარი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

სააგენტოში ამბობენ, რომ ბუღალტერი, რომელსაც თანხის გაფლანგვას ედავებიან, ჯერჯერობით თანამდებობაზე რჩება.

“სანამ აუდიტის დასკვნა არ ჩაგვბარდება გათავისუფლების ოფიციალური საფუძველიც არ გვაქვს”, – აცხადებენ სააგენტოში.

უკანონო საქმიანობების გამო დაწყებული გამოძიებების პარალელურად, აღნიშნულ სააგენტოში რამდენჯერმე განხორციელდა საკადრო ცვლილებაც. ბიტკოინების საქმის გასაჯარაობამდე, სააგენტოს იმჟამინდელმა დირექტორმა, გელა კაპანაძემ თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად ხელმძღვანელის პოზიცია დავით წეწვაძემ დაიკავა, თუმცა დაახლოებით ორ თვეში წეწვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და ხელმძღვანელის მოვალოებას, მისი მეგობარი ზურაბ ილურიძე ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ წეწვაძემ მეგობარი ხელმძღვანელის პოზიციაზე ყოფნის დროს, თავის მოადგილედ დანიშნა.

საერთო ჯამში, აღნიშნულ სააგენტოში საკადრო ცვლილებები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენჯერმე განხორცილდა. შეიცვალა ამ ა(ა)იპ-ის დაქვემდებარებაში არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორიც – ამჟამად, ეს თანამდებობა ქეთევან იარდალაშვილს უკავია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.