ახალი ამბები

გორელების სოლიდარობა უკრაინელ ხალხს

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რუსული აგრესიის მსხვერპლ ქალაქ გორში მყისიერად დაიგეგმა სოლიდარობის აქცია.

აქციაზე შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ოკუპანტის აგრესია.

სოლიდარობის აქციაზე გორელებმა რუსეთის აგრესიული ქმედება – უკრაინაში შეჭრა გააპროტესტეს და მეზობელი ქვეყნის ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

სოლიდარობის აქცია

ამ ყველაფრის პარალელურად, სოციალურ ქსელში გაჩნდა განცხადებები. გორელები უკრაინელ ხალხს დახმარებას სთავაზობენ. მათ შორის არის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ლექტორი მაია ბოლაშვილი, რომელიც მზად არის დაუთმოს საკუთარი სახლი უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

განცხადება გაავრცელა ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელმა თამილა კეკოშვილმაც. ისიც მზად არის დაეხმაროს უკრაინელებს, ვინც თავის ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ ბრუნდება.

თავის პროდუქციას უფასოდ სთავაზობს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მცხოვრები სოსო ვანიშვილი, რომელსაც საკუთარი მარანი აქვს – შატო ატენი.

იმ ადამიანების მომსახურებაზე, რომელიც რუსულ აგრესიას გაამართლებს, უარი თქვა ნინო ბერძენიშვილმა, რომელიც გორში ტანსაცმლის მაღაზიას ფლობს.

გუშინვე, გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ინიციატივით, უკრაინის დროშის ფერებში განათდა ხელოვნების სახლი და ლომჭაბუკის ძეგლი.

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება, ამის პარალელურად, გორში სულ უფრო იზრდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან უსასყიდლოდ დაეხმარონ უკრაინის მოქალაქეებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.