ახალი ამბები

გორის სასამართლომ შვილის დაჭრისთვის დაკავებული 82 წლის კაცი პატიმრობაში დატოვა

გორის რაიონულმა სასამართლომ შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ 82 წლის კ.მ-ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე შალვა კაკაურიძე განიხილავს.

ბრალდებულის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი თამარ თედლიაშვილი იცავს. თედლიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წლების განმავლობაში განიცდიდა ოჯახურ ძალადობას. მან სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, კ.მ-ს გათავისუფლება სთხოვა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის თხოვნა არ გაითვალისწინა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, როგორც თავად აცხადებს, წლების განმავლობაში იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, მის მიმართ ძალადობას სისტემატური სახე ჰქონდა, როდესაც ძალადობას ვამბობ, ვგულისხმობ ფიზიკურსაც. ამის დასტურად ბრალდებულმა მოსამართლეს თავის არეში მიყენებული დაზიანებებიც აჩვენა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და დაზიანებების ხარისხის შესაფასებლად დაინიშნა ექსპერტიზაც” , – აცხადებს თედლიაშვილი.

ინფორმაციისთვის, შემთხვევა გორში, კომბინატის დასახლებაში 30 იანვარს, საღამოს საათებში მოხდა. მამამ შვილს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაზარალებული ამ დრომდე “გორმედის” რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

ცნობისთვის, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.