სტატიები

გორის მერი 15 თანამშრომელს ხელფასს უზრდის

გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, თანამშრომლებზე ხელფასის მომატების მოთხოვნით, საკრებულოს პროექტი გაეგზავნა. ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე მორიგ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ, რომელიც 11 თებერვალს გაიმართება.

ცვლილებების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის 15 თანამშრომელს ყოველთვიური სახელფასო სარგო გაეზრდება და ეს შესაბამისი რანგის მიხედვით განისაზღვრება.

პირველი და მეორე რანგის მქონე სპეციალისტების ხელფასი 1100 – დან 1200 ლარით განისაზღვრა, ხოლო მესამე რანგის მქონე სპეციალისტების 880 ლარის ნაცვლად, 990 ლარი იქნება. გარდა ამისა, მერიაში უქმდება ერთი საშტატო პოზიცია და მის ნაცვლად იქმნება სხვა.

“მერიის მიერ განხორციელდა მერიის საშტატო პოზიციების შესწავლა, ანალიზი და მუშაობის სპეციფიკისა და პრაქტიკული საჭიროებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი) ვაკანტური საშტატო პოზიცის გაუქმება”, – ნათქვამია დადგენილების პროექტში.

ამავე დადგენილების მიხედვით ირკვევა, რომ გორის მერს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მერიის საშტატო ნუსხაში გათვალისწინებული მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეცალისტების საშტატო პოზიციების თანამდებობრივი სარგოების ოდენობა შეესაბამებოდეს არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

“პროექტის მიღების მიზანია გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის პრაქტიკულ საჭიროებებზე და მდგომარეობაზე მისადაგება და მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტების საშტატო პოზიციებისთვის (8 საშტატო პოზიცია) ფუნქციური დატვირთვის ადეკვატური თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა”, – წერია პროექტში.

იმ შემთხვევაში, თუ გორის მუნიციპალიტეტის მერიის თხოვნას საკრებულო დათანხმდება, განხორციელდება შემდეგი ცვლილებები:

  • გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი) ვაკანტური საშტატო პოზიცია გაუქმდება.
  • გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი) ვაკანტური საშტატო პოზიცია გაუქმდება და ამავე განყოფილებაში შეიქმნება მე-3 რანგის 1-ლი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების საშტატო პოზიცია,
  • გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყველა (სულ 8 (რვა)) მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო პოზიციისთვის თანამდებობრივი სარგო, ნაცვლად 880 ლარისა, განისაზღვრება 990 ლარის ოდენობით.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით,8  საშტატო პოზიციაზე 15 ადამიანია დასაქმებული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.