სტატიები

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პარალელურად ა(ა)იპ-ში მუშაობს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ლობჟანიძე პარალელურად ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოშიც მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია, ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომელიც ლობჟანიძემ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში პირველად შეავსო.

ამავე ა(ა)იპ-შია დასაქმებული ლობჟანიძის მეუღლე – სოფიო სამადალაშვილიც, რომელიც სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში წამყვან სპეციალისტად მუშაობს. რაც შეეხება, თავად ლობჟანიძეს, იგი კრივის მწვრთნელის პოზიციას იკავებს.

გარდა ამისა, ლობჟანიძის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა:

– 2021 წლის დეკემბერში, ლობჟანიძემ 52 000 დოლარად იყიდა ბინა ქალაქ თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე;
– ამავდროულად, მას აქვს იპოთეკური სესხი 80 000 ლარის ოდენობით;
– ბექა ლობჟანიძემ 2021 წლის განმავლობაში, როგორც საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრების მწვრთნელმა ეროვნული ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებისგან სტიპენდიის სახით 21 600 ლარი მიიღო;
– 2018 წელს ლობჟანიძემ მემკვიდრეობით მიიღო მიწის ნაკვეთები ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგავზებში.


ბექა ლობჟანიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კვერნაკის, ჭალის, ცენტრისა და წყაროსუბნის ადმინისტრაციულ ერთეულებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. საბოლოოდ, მან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დაიკავა. როგორც ცნობილია, ლობჟანიძე ა(ა)იპ-ში კრივის მწვრთნელად აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდეც მუშაობდა. იგი ასევე იყო შიდა ქართლის კრივის ფედერაციის პრეზიდენტიც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.