სტატიები

გორის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო მუშაობას შეუდგა 

გორის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო 3 დეკემბრიდან მუშაობას შეუდგა. პირველი სხდომა საკრებულოს უხუცესმა წევრმა, ბორის გოგიჩაიშვილმა გახსნა.

36 წევრით დაკომპლექტებულ საკრებულოში 24 წევრი “ქართული ოცნებიდან” არის, 12 კი – ოპოზიციის წარმომადგენელია – “ნაციონალური მოძრაობა” 9 წევრით, ხოლო პარტია “საქართველოსთვის” 3 წევრითაა წარმოდგენელი. 

სხდომის დასაწყისშივე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, გიორგი სოსიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ძველი საკრებულოს ხელმძღვანელი, დავით რაზმაძე წარადგინა, ფარული კენჭისყრის გზით კი დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

დავით რაზმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის, მინდა გთხოვოთ, რომ ყოველთვის ვიყოთ კონსტრუქციულები, ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და ეს გავითვალისწინოთ 4 წლის განმავლობაში. კრიტიკა რა თქმა, უნდა აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა იყოს კონსტრუქციული.

აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მოუღია ოპოზიციას, შესაბამისად საკრებულოს 24 წევრის გადაწყვეტილებით წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი კვლავ დავით რაზმაძე გახდა. აღნიშნული თანამდებობა მან მესამედ დაიკავა

მამუკა ფანიაშვილი, პარტიის “საქართველოსთვის” წევრი

მიგვაჩნია, რომ არ არის სრულად გამოხატული ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნება, თუმცა იმ ზეწოლების და სხვადასხვა ფაქტების გამო, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო, მივიღეთ ის შედეგი, რაც გვაქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკრებულოს არცერთი თანამდებობის პირის არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ.

სხდომაზე აირჩიეს ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მარლენ ნადირაძე, თამარ მურალოვა და ბექა ლობჟანიძე. აღნიშნული დეპუტატებიც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან.  

სხდომას ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. მან სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან ახალი მოწვევის საკრებულო შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში საკრებულოსთან მჭიდრო თანამრომლობას აპირებს. 

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი

ყველაფერი დღის წესრიგის მიხედვით მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთობლივი მუშაობით მუნიციპალიტეტისთვის ბევრ სასიკეთო გადაწყვეტილებას მივიღებთ. რა თქმა უნდა, მერია ყველა იმ შენიშვნას და რეკომენდაციას გაითვალისწინებს, რასაც საკრებულო წარუდგენს.

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა პროცედურებიც ჩატარდა. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობას, აირჩიეს ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოში 5 კომისიაა დ ყველა მათთგანს “ქართული ოცნების” წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.

დატოვეთ კომენტარი