სტატიები

მეუფე, ჯარისკაცები, გიორგი კანდელაკი – ვის გაახსენდა 27 ოქტომბერს, დედაენის ავტორი

27 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული “იაკობობა” აღინიშნება. ბოლო 2 წელია პანდემიის მიზეზით დედაენის ავტორის სოფელში ხალხმრავლობა აღარ შეინიშნება. იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 181-ე წლისთავთან დაკავშირებით ვარიანში დღეს გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია ჩავიდა და სასულიერო პირებთან ერთად პანაშვიდი გადაიხადა. იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორის, ნათია ადუაშვილის ინფორმაციით, ვარიანში “იაკობობასთან” დაკავშირებით ღონისძიებები არ გამართულა, თუმცა მუზეუმს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მაინც სტუმრობდნენ.

“მეუფე ანდრია ბრძანდებოდა, რომელიც ყოველწლიურად პანაშვიდს უხდის ხოლმე იაკობს. იყო ბატონი კოტე თავზარაშვილი, ჩვენი საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გოგებაშვილი და ბიზნესმენი, გიორგი კანდელაკი. მათ შეამკეს ძეგლი გვირგვინით. იყო ასევე საზოგადოება “ბილიკი”, რომლის წარმომადგენლებმაც ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყეს და დაათვალიერეს სახლ-მუზეუმი. გვსტუმრობდნენ ასევე სამხედრო აკადემიიდან ჯარისკაცები”, – აღნიშნა მუზეუმის დირექტორმა ნათია ადუაშვილმა.

გორის მერიამ ვარიანში რაიმე ღონისძიებით “იაკობობის” აღნიშვნაზე უარი პანდემიის მიზეზით თქვა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ თვითმმართველობის ათეულობით წარმომადგენელი თბილისში 27 ოქტომბერს 17:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად გაემგზავრა. მათ შორისაა გორის ახალი მერიც. ლადო ხინჩეგაშვილს მერობის პირველ დღეს დედაენის ავტორი არ გახსენებია.

გორის მერიიდან თანამშრომელთა თბილისში, წასვლას ადასტურებს მეროს მოადგილე. თამაზ შიოშვილის განმარტებით, საჯარო მოხელეებმა, რომლებაც აქციაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს ერთდღიანი შევბულებით ისარგებლეს.

ვისაც აქციაზე წასვლის სურვილი ჰქონდა დაწერა განცხადება და მოითხოვა ერთდღიანი შვებულება. მერიის პარალიზება რომ არ მომხდარიყო, თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა დავტოვეთ სამსახურიში. მთელი შენობის დაცლა და გამოკეტვა ვერ გამოვიდოდა”, – აღნიშნა თამაზ შიოშვილმა. 

ინფორმაციისთვის, პანდემიამდე, ყოველი წლის 27 ოქტომბერს, ვარიანში სახალხო დღესასწაული “იაკობობა” აღინიშნებოდა, რა დროსაც გორის მუნიციპალიტეტი სტუმრებს სხვადასხვა კუთხიდან და ქვეყნიდან მასპინძლობდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.