ახალი ამბები

გორის სოფლებში საბავშვო ბაღები მუშაობას 12 ოქტომბრიდან განაახლებენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღსაზრდელების მიღებას საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან განაახლებენ. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ არსებული პრობლემები ამ დროისთვის უკვე მოგვარებულია და სოფლად, საბავშვო ბაღების მუშაობის დაწყებას ხელს აღარაფერი უშლის.

“სოფლის საბავშვო ბაღები მუშაობას ხვალიდან განაახლებენ. ჩვენ შევთანხმდით გათბობის საქვაბეების გამართვის დროზე და მერე უკვე ჩაგვირთეს გაზი. სამზარეულოები გადაგვყავს ელექტონულ ქურებზე, ცალ ფაზიან დენზე, რასაც ამ თვეში უკვე დავასრულებთ. დანარჩენი გათბობასთან დაკავშირებული პრობლემებია, რომელიც მომავალი წლის ზაფხულამდე დარეგულირდება. ჯერჯერობით, ისევ ბუნებრივი აირით მოხდება გათბობა ბაღებში. გათბობის სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ეს ჩვენი კეთილი ნებაა, რომ “პლიტებს” ვრთავდით ჯგუფებში პერიოდულად. აბა ბავშვებს სიცივეში ხომ არ ვამყოფებდით? ვფიქრობთ, 2022 წლის ივნისისთვის ამ მხრივ პრობლემა აღარ იქნება გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში,” – განმარტავს ლია კოვზიაშვილი.

ინფორმაციისთვის, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ქალაქის ბაღებში 6 ოქტომბრიდან განახლდა, სოფლებში კი საბავშვო ბაღებს ამ დრომდე არ დაუწყიათ მუშაობა. მიზეზად გათბობის სისტემასთან დაკავშირებული ტექნიკური სახის პრობლემები დასახელდა.

რადიო “მოზაიკას” შეკითხვას, თუ რატომ არ მოხდა სასწავლო წლის დაწყებამდე აღნიშნული საკითხის მოგვარება, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი პასუხობს, რომ ეს მათზე არ იყო დამოკიდებული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.