სტატიები

როდის გათავისუფლდება უკანონოდ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის ციხიდან ? 

2021 წლის 10 დეკემბერს საქართველოს მოქალაქე მ.ჩ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე (ცხინვალის მისადგომებთან) დააკავეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. მ.ჩ.-ის პირადი ჩხრეკისას შარვლის მარჯვენა ჯიბეში იპოვეს და ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება (მარიხუანა წონით 4,1 გრამი) შესაბამისად, 2021 წლის 15 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის საგამოძიებო დეპარტამენტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე მ.ჩ.-წინააღმდეგ, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის წერილში, რომელიც ევრპულ სასამართლოს გაუგზავნა. 

წერილში ნათქვამია, რომ “საკითხი ეხება სხვა სახელმწიფოს, სამხერთ ოსეთის რესპუბლიკას, რომელზეც რუსეთის ფედერაციას არ აქვს ეფექტური კონტროლი”.  ოკუპანტი ქვეყანა ევროსასამართლოს უმტკიცებს, რომ ის პასუხისმგებელი არ არის დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ქმედებებზე. 

“უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას სურს ევროსასამართლოს ყურადღება მიაპყროს იმ ფაქტზე, რომ განსახილველი განცხადება ეხება სხვა სახელმწიფოს – სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომხდარ მოვლენებს. სუვერენული სახელმწიფო, რომელზეც რუსეთის ფედერაციას არ აქვს ეფექტური კონტროლი. ამრიგად, რუსეთის ფედერაცია არ არის პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების ქმედებებზე”, – ნათქვამია წერილში. 

ამავე მიმართვიდან ვიგებთ, რომ 2021 წლის 10 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძე გასამართლდა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის და მიესაჯა პატიმრობა 2022 წლის 15 თებერვლამდე. 

“ამჟამად მ.ჩ. იმყოფება პატიმრობაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის დაკავების იზოლატორში. რუსეთის ხელისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით, მ.ჩ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რუსეთის ხელისუფლებას ამ საჩივართან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია არ გააჩნია”, – განმარტავენ რუსეთის ფედერაციაში. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაცია ევროსასამართლოს საჩივარს დაუშვებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არ არის რუსეთის ფედერაციის ნაწილი და რუსეთის ფედერაცია არ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”. 

რა ინფორმაციას ფლობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების თარიღთან დაკავშირებით, რადიო “მოზაიკა”  აღნიშნულ უწყებას დაუკავშირდა, თუმცა სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. 

დატოვეთ კომენტარი