ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი “ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატი გახდა. ოფიციალურ წარდგენამდე ერთი თვით ადრე, იგი კატეგორიულად უარყოფდა სპორტული კარიერის დასრულებასთან გავრცელებულ ინფორმაციას.
ლადო ხინჩეგაშვილი 2016 წელს აცხადებდა, რომ პოლიტიკაში არასდროს ჩარეულა და არც ჩაერეოდა, თუმცა 5 წლის შემდეგ, მან პოზიცია შეიცვალა, გახდა მერობის კანდიდატი და ახლა აცხადებს, რომ საქართველოში ყოველი მეორე მოქალაქე “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.
“გავაგრძელებ ჭიდაობას, აბა, სხვა რა უნდა ვქნა?!” – ეს 2016 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადებაა. ამის შემდეგ, ხინჩეგაშვილი ჯერ ბიზნესმენი გახდა, შემდეგ კი, გორის მერობის კანდიდატად დასახელდა.
რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ ხინჩეგაშვილის მიერ, სხვადახვა დროს გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა:
“ჩემს ყველა წარმატებას მამაჩემს ვუძღვნი და ის, რასაც თვითონ ვერ მიაღწია სპორტში. მე მინდოდა ჩემი მხრივ, მიმეღწია და და გამეკეთებინა ეს ყველაფერი.”
“შავთმიანი გოგოები უფრო მომწონს. ცოტა პასიური ვარ პირად ცხოვრებაში, რადგან ჩემი კარიერიდან გამომდინარე, ძალიან ცოტა დრო მაქვს.”
“მე არადროს ჩავრეულვარ პოლიტიკაში, არც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ვარ და არც სხვა პარტიის. მე ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი ვარ.”
ხინჩეგაშვილმა ეს კომენტარი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ გააკეთა, სადაც იგი როგორც თავად ამბობს, შემთხვევით შეხვდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
“გავაგრძელებ ჭიდაობას, აბა, სხვა რა უნდა ვქნა?!”
ამ განცხადებიდან 5 წლის შემდეგ, ხინჩეგაშვილი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატია.
“სასიამოვნოა, როცა მხარს გიჭერენ და როგორც შინაურს, ისე გგულშემატკივრობენ, შენდამი სითბოს იჩენენ, შენი გაცნობა სურთ.”
ეს განცხადება ხინჩეგაშვილმა ვლადიკავკაზში ვიზიტის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, დიდი ხანი სურდა მოენახულებინა ქალაქი, სადაც არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი და მისი მოგვარეები ცხოვრობენ.
2016 წლის ზაფხულში, როცა ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ვლადიკავკაზში გამოაკრეს ბილბორდი რუსულენოვანი წარწერით: “ხინჩაგაშვილი (ხინჩაგოვი) ვლადიმერ – ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში”.
“სპორტსმენი არასდროს ძალადობს. სპორტსმენი არავის ჩაგრავს, რადგან ის სწორადაა აღზრდილი.”
ხინჩეგაშვილი ბულინგის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა, რომელიც 2018 წელს PRMC-მ წამოიწყო.
“ჭიდაობაც ძალადობაა; რომ ვეჭიდავები სპორტსმენს, ვძალადობ.”
ასე გამოეხმაურა ხინჩეგაშვილი მის კოლეგაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ამბავს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანმა და ორგზის ევროპის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძე რკინის ბლაგვი საგნით თავის გატეხვასა და კორუფციაში დაადანაშაულა, თუმცა პოლიციას ჩვენება არ მისცა. ხინჩეგაშვილმა მხარდაჭერა ძალადობის ბრალდებით დაკავებულ გეგეშიძეს გამოუცხადა.
“ეს ცრუ ინფორმაციაა, ვადასტურებ, რომ ჭორია და ვიღაცამ თავისი აზრი გაავრცელა.”
ასე უპასუხა ერთი თვის წინ ხინჩეგაშვილმა სპორტული კარიერის დასრულებასთან გავრცელებულ ინფორმაციას. ერთი თვის შემდეგ, ის “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი გახდა და მართლაც დაასრულა სპორტული კარიერა.
“საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე ჩვენი [ქართული ოცნების] მხარდამჭერია და მიუხედავად იმისა, ვინ იქნება კონკურენტი კანდიდატი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქმეზე საუბრით, კონკრეტული ხედვებისა და ჩვენი რაიონის განვითარების გეგმის შეთავაზებით, კიდევ უფრო დიდი ნდობა მოვიპოვოთ.”
აღნიშნული განცხადება ხინჩეგაშვილმა მერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ გააკეთა