სტატიები

ქალები ბიზნესში – ხელშეწყობა და ბარიერები გორში

საქართველოში ბიზნესის სფეროში მოხვედრა არაერთ სირთულესთან, დანახარჯებთან და რისკებთანაა დაკავშირებული. ამ გზის გავლა კიდევ უფრო რთულია ქალებისთვის, რადგან მათ ნაკლები ფინანსური კაპიტალი გააჩნიათ ხოლმე.

ირმა კიტრიაშვილი გორში მდებარე რძის საწარმოს ხელმძღვანელია. მანამდე ირმა სილამაზის და ყვავილების სალონსაც ამუშავებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეს თავს კარგად ართმევდა, საზოგადოების ნაწილი მის შესაძლებლობებს მაინც ეჭვის თვალით უყურებდა.

ირმა კიტრიაშვილი

რა თქმა უნდა, ქალებისთვის ბიზნესში დღესაც არსებობს სირთულეები. ხშირად ეჭვის თვალით უყურებენ, შეძლებს თუ ვერა. ადამიანების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ქალი სუსტია და ბიზნესის კეთება მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ.

სტერეოტიპული განწყობების და ბარიერების მიუხედავად, ირმას ბიზნესის სფეროში მუშაობაზე უარი არ უთქვამს. ამბობს, რომ ეს მისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის და კეთილდღეობის მოპოვების საშუალება იყო.

“გადავწყვიტე, რომ ჩემს ბიზნესზე მეფიქრა, რადგან არასდროს ვიცით ცხოვრებაში რა ხდება, შეიძლება ნებისმიერ დროს დარჩე სამსახურის გარეშე და სწორედ ამ ფიქრებმა გადამაწყვეტინა დამეწყო ყვავილების გაყიდვა. ჩემი საყვავილე პირველი იყო კასპში”.

ქალებს ბიზნესის დაწყებაში სხვადასხვა ორგანიზაციებიც ეხმარებიან, ხშირად აქცენტი სოფლად მცხოვრებ ქალებზე კეთდება, რადგან მათ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის და რეალიზების ნაკლები საშუალება აქვთ.

ქალთა სოლიდარობის ცენტრის დამფუძნებელი, ლარისა ქევხიშვილი ამბობს, რომ სოფლად მცხოვრებ ქალები ძირითადად სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ბიზნესში ერთობიან. ამის გათვალისწინებით, ლარისა ფიქრობს, რომ მათი დახმარება აუცილებელია.

ლარისა ქევხიშვილი

რისკები უამრავია, მითუმეტეს სოფლის მეურნეობის კუთხით. ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია, რომელსაც წინასწარ ვერ გათვლი. მაგალითად, შეიძლება იყოს გვალვა, სეტყვა და ამან მოსავალი დააზარალოს. გარდა ამისა, სარეალიზაციო ფასიც ძალიან დაბალია. რა ხარჯებსაც მოსავლის მოსაყვანად იღებ, იმასაც კი შეიძლება ვერ ფარავდეს რეალიზებიდან მიღებული თანხა.

ქალებს ბიზნეს იდეების განხორციელებაში დახმარებას სახელმწიფოს სთავაზობს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროგრამა “აწარმოე საქართველოა”. მისი წარმომადგენელი, თეო ბაბუნაშვილი ამბობს, რომ ისინი განსაკუთრებით მეწარმე ქალების დახმარებას ცდილობენ.

თეო ბაბუნაშვილი

ერთ-ერთი პროგრამა, რომელსაც მე გამოვყოფ, ეს არის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, სადაც ქალებს განსაკუთრებით ენიჭებათ უპირატესობა. ამ პროგრამამ კარგი შედეგები დადო საქართველოში ბიზნესის წამოწყების კუთხით ქალების მხრიდან, რადგან ამ პროგრამის დაწყებიდან ძალიან დიდი იყო სურვილი, რომ მონაწილეობა მიეღოთ და წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ქალი ჩაერთო.

2015 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, შიდა ქართლში დაფინანსებული იყო 738 პროექტი და აქედან 239 იყო ქალი ბენეფიციარი. წლევანდელი მონაცემებით შიდა ქართლში დაფინანსდა 61, საიდანაც 33 იყო ქალი და 28 მამაკაცია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.