ხაშურში 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის დაწყების შემდეგ, ქალაქის ცენტრალური ქუჩები გადათხარეს და რადგან სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება, უცნობია, როდის მოწესრიგდება დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს.
“ანსამბლ “ოქროს ფარის” სოლო კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება ქ. ხაშურში 15 სექტემბერს 19 საათზე, 15 სექტემბრის დილის 06:00 საათიდან საღამოს 23:30 საათამდე გადაიკეტება კოსტავას ქუჩა მუზეუმიდან კინოთეატრამდე”, – ამცნო ხაშურის მერიამ მოქალაქეებს.
მერიის ამ ცნობას, მოსახლეობის კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ხაშურელები ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ, დროულად დაიწყოს გზების რეაბილიტაცია. მათი თქმით, აღნიშნული გზების გადაკეტვა მათ პრობლემას კიდევ უფრო ართულებს.
“ჯერ ისედაც რამდგომარეობაა, გაუსაძლისი გახდა მანქანით მოძრაობა”.
ადგილობრივები მერიას ურჩევენ, აღნიშნული კონცერტი სხვა ტერიტორიაზე ჩატარდეს.
“ტაბიძის სკვერში/პარკში რომ ჩატარდეს ეგ კონცერტი რა დაშავდება. ან ზემო სერზე. ამ დონეზე უვიცობა, შეუგნებლობა და არაპროფესიონალიზმი საიდან აქვს ამ ხალხს?”, – წერს გიორგი ჩუბინიძე.
“რა გეკონცერტებათ, რას ზეიმობთ ამ გადათხრილ ქალაქში, რატომ არავის არ ადარდებს. ამდენ სიცრუეში, რომ გვაცხოვრებენ. ეგ კონცერტი, რომ პარკში ჩატარდეს და არა მტვრიან ქუჩაში არ აჯობებდა?”, – ამბობს მარინა გუდაძე.
“კონცერტი კი არა, გზები დააგეთ ხალხი მტვერში იგუდება, 12 წელია წყლის გაყვანილიბას, რომ აბრალებთ. მიხედეთ საქმეს. გზებზე საერთოდ როგორ წერთ რამეს? არ გიტყდებათ? გგონიათ, ხალხი ვერ ხედავს?”, – წერს გიორგი თოდაშვილი.
აღსანიშნავია, რომ მოუწესრიგებელი გზების გამო ხაშურელები ბოლო რამდენიმე წელია ჩივიან. გზების რეაბილიტაციის დაწყების გაჭიანურების მიზეზად კი მერია სასმელი წყლის პროექტს ასახელებდა.
“ხაშურში ქუჩების უმეტესი ნაწილი პრობლემურია, მაგრამ რეაბილიტაციას ვერ ვატარებთ, რადგან ველით წყლისა და კანალიზაციის პროექტის დაწყებას, რაც მერე აუცილებლად გამოიწვევს ქუჩების გადათხრას. შესაბამისად, სახელმწიფო რესურსის რაციონალიზაციის მიზნით, ვერ ვაკეთებთ ამ ეტაპზე”, – ამას ამბობდნენ ხაშურის მერიაში 2022 წელსაც.
გზების რეაბილიტაციისთვის, 10 მლნ ლარი გამოიყო წლის დასაწყისში, თუმცა ხაშურის მერიაში სამუშაოების დაწყების თარიღს ვერც ამჯერად ასახელებდნენ.
” შესაძლოა, ერთ წელიწადში მოხერხდეს, შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს”, – აცხადებდნენ მერიაში.
ამ დროისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას გამოცხადებული აქვს ტენდერები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაციისთვის. ასევე აქვს რამდენიმე დასრულებული ტენდერი ქალაქში ცალკეული ქუჩების მოსაწესრიგებლად, მაგალითად: დადიანის და ყაზბეგის ქუჩების.
ამავე თემაზე: ხაშურში გზების დაგება წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობის შემდეგ დაიწყება