სტატიები

“ქუჩებში ძაღლების რაოდენობა იზრდება” – მოსახლეობა სააგენტოს მუშაობით უკმაყოფილოა

უკვე 3 წელია, შიდა ქართლში მიუსაფარი ცხოველების მართვის სააგენტო არსებობს, რომელმაც ცხოველების პოპულაციის მართვის ეფექტური სისტემა ამ დრომდე ვერ დანერგა. სააგენტოს მუშაობით უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამენ გორელები. როგორც ისინი ამბობენ, ქუჩებში ძაღლების რაოდენობა კლების ნაცვლად, მატულობს.

“კაცს ძაღლები გამოეკიდნენ, მათ გაურბოდა და გაჩერებულ ავტობუსს შეეჯახა”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე, თამუნა მახარაშვილი, რომელიც გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარს შეესწრო. 

გორელების თქმით, მსგავსი შემთხვევები ქალაქში თითქმის ყოველდღე ხდება და მიუსაფარი ძაღლების პრობლემაც მოგვარების ნაცვლად, მწვავდება. 

“ქალაქი სავსეა აგრესიული ძაღლებით, ლამის ყოველ დღე ვიღაცას კბენენ. ხომ უნდა არსებობდეს ამ პრობლემის მოგვარების რაიმე გზა?!”. 

“ამდენი ძაღლი არასოდეს ყოფილა, ძაღლის ადგილი თავშესაფარშია, თან უმეტესობა დაავადებულია და სამკურნალო. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, ქალაქი ჯერ ადამიანებისაა და მერე ცხოველების, რომლებიც უპატრონობით, საფრთხეს უქმნიან ადამიანებს”, – ამბობს ნინო ნინოშვილი. 

მიუსაფარი ცხოველების მართვის ინტერმუნიციპალური სააგენტო 2021 წელს შეიქმნა და ამისთვის, დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. სააგენტოს შექმნის მიზანი, შიდა ქართლის რეგიონში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვა იყო.

ამ მიზნის მისაღწევად, სააგენტო დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებს – მაგალითად, 2024 წელს მან გორის ბიუჯეტიდან 585 300 ლარი მიიღო.

სააგენტოს მოვალეობაში შედის მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია-სტერლიზაცია და აცრა, შემდეგ კი ისევ ქუჩაში დაბრუნება, რადგან სააგენტო თავშესაფრის ფუნქციას ვერ ითავსებს. სააგენტო პერიოდულად აწყობს მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების აქციებსაც, თუმცა ფაქტია, რომ მხოლოდ ეს სერვისები პოპულაციის სამართავად და ქუჩაში მიუსაფარი ცხოველების ოდენობის შესამცირებლად საკმარისი არაა.

ამავე თემაზე: თავშესაფრები და მოხალისეები – მოქალაქეთა ხედვა მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის მოსაგვარებლად 

ამავე თემაზე: დაჩიპვისა და სანქციების გარეშე ძაღლების პოპულაციის მართვა გაგვიჭირდება – ინტერვიუ ბაქარ გიუნაშვილთან

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.