გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატურმა თეატრმა მაყურებელს თებერვლის თვეში გასამართი სპექტაკლების ჩამონათვალი წარუდგინა.
სამხატვრო ხელმძღვანელის ნიკოლოზ შველიძის თქმით, საახალწლო წარმოდგენების შემდეგ აფიშაზე მაყურებლისთვის ცნობილი და საყვარელი სპექტაკლები დაბრუნდა.
“ეს თვე ჩვენი სპექტაკლებით დავტვირთეთ, თუმცა თებერვლის ბოლოს ველოდებით ბათუმის თეატრს, რომელიც სიახლით ჩამოდის. ჩვენ ვცდილობთ სპექტაკლები შევინარჩუნოთ და ვაჩვენოთ, რაც უკვე დიდი მიღწევაა, რადგან ხშირად ხდებოდა, რომ პრემიერის შემდეგ იკარგებოდა ხოლმე და ახლა ვცდილობთ რეპერტუარი წლის განავლობაში შენარჩუნებული იყოს და მაყურებელს იმიდე არ გავუცრუოთ. სტაბილურობისკენ მიდის თეატრი ახლა უკვე ორთვიან აფიშასაც შევეჭიდებით”, – ამბობს შველიძე.
სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, გაზაფხულზე გორის თეატრი ორ გასტროლზე მიიღებს მონაწილეობას. მაყურებელს ელოდება პრემიერაც.
“მარტიდან თეატრი ისევ დაიტვირთება ჩამოსვლებით, გასტროლებით. ორ გასტროლზე ვართ უკვე მიპატიჟებული თურქეთში და რაღა თქმა უნდა პრემიერასაც ვამზადებთ, რომელზეც ახალგაზრდა რეჟისორები მუშაობენ. ვცდილობთ რომ ახალგაზრდები იყვნენ წარმოდგენილი და ეს ჩანს სპექტაკლებიდანაც. ვისურვებდი რომ ახალგაზრდები სამსახიობო საქმიანობაშიც ჩართულიყვნენ. თეატრი ცოცხალი ორგანიზმია და ყოველთვის გვჭირდება ახალი სახე, ახალი ძალა, ახალი აზროვნება. ამიტომ მათი ყოფნა მნიშვნელოვანია”.
ნიკოლოზ შველიძემ “მოზაიკასთან” საუბარში აღნიშნა, რომ სამომავლოდ, როდესაც თეატრში რემონტი დასრულდება, სასწავლო სტუდიის მოწყობა იგეგმება, სადაც მსურველები სამსახიობო ხელოვნებას დაეუფლებიან.