საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცზე, რომელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში გარდაცვლილი იპოვეს, განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კაპრალი ირაკლი აფრიამაშვილი სამსახურიდან დათხოვილი იყო.
“თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს, თუმცა გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას საბოლოო პასუხი – ეს იყო სუიციდი, უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა.
სოფელ ახალშენის მოსახლეობა ყვება, რომ ირაკლი აფრიამაშვილი სახლში მარტო ცხოვრობდა. დარჩა მცირეწლოვანი შვილი.
“მეორე წელია რაც აქ გადმოვიდა ახალციხიდან საცხოვრებლად. გორში მსახურობდა ჯარში და დასვენების დღეებშიც კი მუშაობდა ხოლმე სოფელში, მიწას ამუშავებდა. უცნაური არაფერი შეგვიმჩნევია, დადებითი და პოზიტიური პიროვნება იყო. ყველანი შოკში ვართ. სოფელში ყველას უყვარდა”, – ამბობს ახალშენის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.