გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს დაცვამ ბიძინა ივანიშვილთან მიახლოების საშუალება არ მისცა.
კადრებში ჩანს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხელს ართმევს ჯერ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, შემდეგ კი, ირაკლი კობახიძეს. ამ დროს, ხინჩეგაშვილი იქვე დგას, ივანიშვილის დაცვა უბიძგებს, რომ უკან დაიწიოს, რის შემდეგაც, უსაფრთხოების წარმომადგენელი გორის მერს წინ ეფარება.
ხინჩეგაშვილთან ერთად, კადრში ჩანს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძეც. არც ხინჩეგაშვილს და არც რაზმაძეს ბიძინა ივანიშვილი ხელს არ ართმევს.
“ქართული ოცნების” ყრილობა, რომელზეც ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა, 30 დეკემბერს გაიმართა. ივანიშვილმა დარბაზში შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც, სამწლიანი პაუზის შემდეგ, პოლიტიკაში დაბრუნდა. მისი განცხადებით, ოპოზიცია ძალიან დასუსტებულია და ხელისუფლების ქმედებების კონტროლს ვერ ახერხებს, რაც მმართველი გუნდისთვის გარკვეულ გამოწვევებს აჩენს.