ახალი ამბები

გორის 2024 წლის ბიუჯეტი 80 000 000 ლარამდე განისაზღვრა

გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი 80 000 000 ლარით განისაზღვრა.  მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა, რომელსაც მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც ესწრებოდა.

ბიუჯეტზე მსჯელობას კამათი, მოგვიანებით კი, პროტესტის ნიშნად ენმ-ის სხდომიდან გასვლა მოჰყვა. ოპოზიციონერი დეპუტატის ანი ბალიაშვილის თქმით, ბიუჯეტი ხალხის ინტერესს ნაკლებად ასახავს, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

“ბიუჯეტი არ შეესაბამება მოსახლეობის ინტერესებს, ჩვენი არცერთი შენიშვნა არცერთი ინიციატივა გათვალისწინებული არ იყო. ეს ბიუჯეტი “ქართული ოცნების” ინტერესებზეა მორგებული. მაღალჩინოსნები, პოლიტიკური თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები იმატებენ ხელფასებს მაშინ, როდესაც საბავშვო ბაღის, სახელოვნებო სკოლის და სხვა დაწესებულებების თანამშრომელთა ხელფასები რჩება ისევ 200, 300, და 400 ლარი და ეს მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს უხერხულობასაც არ უქმნის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მათთან დისკუსიაში შესვლა არ ღირდა”,- აღნიშნა ამო ბალიაშვილმა.

კენჭისყრაში მონაწილეობა 24 დეპუტატმა მიიღო, აქედან ორმა თავი შეიკავა, 22-მა კი მხარი დაუჭირა. ახალი ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

დატოვეთ კომენტარი