სტატიები

გორის მერიამ რეკომენდაციების ნახევარი შეასრულა –  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ 2023 წელი შეაჯამა

60-მდე რეკომენდაციიდან 30-მდე რეკომენდაცია შესრულდა – გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ 2023 წელი შეაჯამა. პრეზენტაციას ესწრებოდა გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და უწყების სხვა თანამშრომლები. საბჭოს თავმჯდომარე დაკო მურადაშვილმა იმ საქმიანობაზე ისაუბრა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში განახორციელა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ.

2023 წლის განმავლობაში ჩავატარეთ 11 სხდომა, ყოველი სხდომის დროს მზადდებოდა რეკომენდაციები მერიისთვის, რომელიც შეეხებოდა, როგორც ღიაობას და გამჭვირვალობას, ასევე ინფრასტრუქტურას, მუნიციპალურ ტრანსპორტს, საგზაო ინფრასტრუქტურას და ბიუჯეტს. 60-მდე რეკომენდაცია გავეცით, საიდანაც 30-მდე რეკომენდაცია შეასრულა მერიამ“, – განმარტა დაკო მურადაშვილმა.

პრეზენტაციამდე სიტყვით გამოვიდა გორის მუნიციპალიტეტის მერი. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა განაცხადა, რომ მერიის მუშაობა 2023 წელს პროდუქტიული იყო და აქტიურობისთვის მრჩეველთა საბჭოს მადლობა გადაუხადა.

2023 წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და შედეგებიც სახეზეა. ეს ყველაფერი საზოგადოების ჩართულობის და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს აქტიურობის გარეშე ვერ მოხდებოდა. ყველა წევრს მინდა მადლობა გადავუხადო. თვითმმართველობის საქმიანობა დამოკიდებულია სწორ დაგეგმვაზე  და ამ დაგეგმვაში დიდი როლია საბჭოსი, რადგან მათ ხალხის ხმა მოაქვთ ჩვენამდე“, – განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ანგარიშიდან ირკვევა, რომ გორის მერმა გენ.გეგმასთან, მეჯვრისხევის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციასთან და ოთარშენის სასმელ წყალთან დაკავშირებით, საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.

შეიქმნას სამოქმედო გეგმა, სადაც გაიწერება ის საჭირო აქტივობები, რაც გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო დამტკიცებასთან არის დაკავშირებული;

შემუშავდეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით წერილი მეჯვრისხევის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციის თაობაზე შესაბამის უწყებასთან;

მოხდეს ოთარშენში არსებული წყლის მიწოდების საკითხის შესწავლა და მოგვარება;

იზრუნოს მერიამ ქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის საკითხზე;

ჩოჩიშვილის სასპორტო სკოლაში შესასვლელად მოეწყოს ადაპტირებული ინფრასტრუქტურა ეტლით მოსარგებლეებისთვის“, – ეს იმ რეკომენდაციების ნაწილია, რომელიც მერიამ არ შეასრულა.

მოუგვარებელი საკითხების გარშემო საბჭო მუშაობას მომავალ წელსაც გააგრძელებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.