ხაშურში, ზემო სერის ტყე-პარკში დამონტაჟებულ სკამებს მოქალაქეებმა ადგილი შეუცვალეს. სკამი მოგლეჯილია და სხვა ადგილასაა გადატანილი, – ინფორმაციას ამისის შესახებ ხაშურის მერია ავრცელებს.
“ასე დაგვხვდა დღეს ზემო სერის ტყე-პარკში დამონტაჟებული მოსასვენებელი სკამები. აშკარაა, რომ ეს არ გახლავთ შემთხვევითი დაზიანება, რადგან სკამები მყარად იყო შესაბამის ადგილას დამონტაჟებული და მათ გადაადგილებას საკმაო ძალისხმევა დაჭირდებოდა. აუხსნელია, რატომ უნდა დახარჯოს ადამიანმა ენერგია გაკეთებული საქმის გასაფუჭებლად და ზიანის მისაყენებლად”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, ნუ დააზიანებენ ქალაქის ინფრასტრუქტურას.
“სამწუხაროა, მაგრამ გვიწევს მოქალაქეებს შევახსენოთ, რომ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა შევინარჩუნოთ და დავიცვათ, რაც ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის კეთდება. აქვე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, აუცილებლად მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს, თუ შენიშნავენ, რომ მათ ირგვლივ მყოფი პირები მიზანმიმართულად აზიანებენ ხალხის ქონებას”, – აცხადებენ ხაშურის მერიაში.
ინფორმაციისთვის, ზემო სერის ტყე-პარკის რეაბილიტაციის პროცესი მრავალწლიანია, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 187 390 ლარია გათვალისწინებული.