ბლოგები

ქართული ცეკვა იმსახურებს მოფრთხილებას, დაფასებას და აღიარებას

ავტორი: სვეტა მინასიანი, 26 წლის, მოცეკვავე

მე ვარ მოცეკვავე, რომლისთვისაც, ცეკვა სიცოცხლის მამოძრავებელი ძალაა და ამას თორმეტი წლის ასაკში მივხვდი, როდესაც პირველად მივედი სტუდიაში რეპეტიციაზე. დიდი მონდომების და მოტივაციის წყალობით კი, ცამეტი წლის უკვე რეპეტიტორი ვიყავი.

ძალიან მინდოდა კარგად მესწავლა, მოვინდომე და შედეგმაც არ დააყოვნა – თხუთმეტი წლის ასაკში დამოუკიდებლად გავხსენი სტუდია და ვასწავლიდი ბავშვებს. მალევე ოჯახიც შევქმენი. შემდეგ გარკვეული მიზეზის გამო, რომელზეც აუცილებლად ვისაუბრებ ოდესმე, მომიწია სტუდიის დახურვა.

ახლა, ექვსი წლის შემდეგ, ისევ თავიდან გავხსენი სტუდია, სხვა შემართებით, უფრო მაღალი საფეხურიდან დავიწყე ყველაფერი, გავაკეთე ისეთი რამ, რაც ჩვენს ქალაქში ჯერ არ ყოფილა.

ახლა უმრავლესობას მოსწონს გათანამედროვებული ტრადიციული ცეკვა. მეც ვფიქრობ, რომ უნდა ისწავლებოდეს თანამედროვე მოძრაობებიც, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ქართული ცეკვა უფრო მრავალფეროვანი გავხადო. 

მოსწავლეებს ვიღებ ოთხი წლიდან ზემოთ, მოყვარულებიც მყავს, ჩემთან ასაკი შეუზღუდავია, ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს, იცეკვოს, დაიცალოს ემოციებისგან, განიტვირთოს და ისიამოვნოს მაქსიმალურად.

ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ თითოეულ ქართველს ეცოდინება სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ცეკვა და ამით შეძლებს ჩვენი ხასიათის, კულტურის და ტრადიციების წარმოჩებას. 

გარდა ამისა, ძალიან მინდა, ჩვენმა ცეკვამ მსოფლიოს ინტერესი დაიმსახუროს და ერთ დღეს მისი სწავლა ისევე დაიწყოს სხვა ქვეყნებში, როგორც ჩვენთან ისწავლება უცხოური ცეკვები. ამაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რადგან ქართული ტრადიციული ცეკვები ნამდვილად იმსახურებს მოფრთხილებას, აღირებას და დაფასებას. 

დატოვეთ კომენტარი