ბლოგები

“ესეც ჩვენი ისტორიის, ჩვენი ცხოვრების მწარე რეალობა” – ამბავი ომამდე, რომელიც უნდა ვიცოდეთ

ავტორი: ლია ჩლაჩიძე

ხვალ 8 აგვისტოა, ავადსახსენებელი 08.08.08. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო, რომელიც აქამდე არავისთვის მითქვამს.

ივლისის ბოლოს უკვე ჩაკეტილი იყო ე.წ.საზღვარი, გადაკეტილი იყო საკონტროლო – გამშვები პოსტი ერგნეთშიც. “შიგნით“ სავსე იყო ქართველებით, დიდი და პატარა ლიახვის ხეობა,ცხინვალი….

ერთ ჩემს ოს მეგობარს, რომელიც იქაური მილიციის მაღალჩინოსანი იყო, უბედურება შეემთხვა. მგლებმა სოფელ ტბეთში, ღამით თითქმის შეუჭამეს ძმა, გადარჩენის შანსი იყო მინიმალური.

დილის 6 საათზე დამირეკა ტირილით, მიშველეო. ვლადიკავკაზამდე ვერ ჩააღწევსო, უთხრეს ექიმებმა. მდგომარეობა იყო უმძიმესი, კაცი კომაში იყო ჩავარდნილი, არანაირი სასიცოცხლო რეაქცია… მას, როგორც მილიციის მაღალჩინოსანს პირდაპირ უთხრეს, როგორც კი ერთ ნაბიჯს გადადგამ ქართულ მხარეს, ვეღარც უკან შემოხვალ და თანამდებობასაც დაემშვიდობეო. კაცი ორ ცეცხლსშუა იყო. მემუდარებოდა, მიშველე, შენს მეტი სხვა გზა არ მაქვს და არც პატრონი მყავს ვინმე მანდეთ, ჩამოდი და როგორმე გაიყვანეო. დიდი თავსატეხი გამიჩინა, მაგრამ დახმარებაზე უარის თქმა არ შემეძლო. გადავრეკ-გადმოვრეკე, ვიღაცებთან შევათანხმე. ტყვიავის სასწრაფო დახმარების ექიმები ძლივს დავითანხმე ცხინვალში ჩასვლაზე, ვინ მოგვცემს უსაფრთხოების გარანტიებს, რომ არ აგვიყვანენ მძევლებადო. 

მაშინვე დავურეკე კულახმეტოვს, მაშინდელ სამშვიდობო ჯარების სარდალს,( გამოვიყენე ჩემი სამსახურებრივი სტატუსი, შერეული საკონტროლო კომისიის ჟურნალისტი ეუთოს ეგიდით), ავუხსენი სიტუაცია, დამპირდა, ერგნეთამდე მოვიდეს სასწრაფო დახმარების მანქანა, აქ დაგახვედრებთ გამცილებლებს ცხინვალის საავადმყოფომდე და უკან, გავაძლიერებ დაცვას და უსაფრთხოების ზომებსო.

ერთი სიტყვით, ნახევრად მკვდარი ავადმყოფი სირენების თანხლებით მივაქროლეთ გორის ჰოსპიტალში,(თბილისში ვეღარ ვასწრებდით). ბატონმა ნუკრი ჯოხაძემ, რომელიც ჰოსპიტალის მთავარი ექიმი იყო ფეხზე დააყენა მთელი მედპერსონალი, ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია, გადაიყვანეს რეანიმაციის განყოფილებაში. მოკლედ, დიდი ძალისხმევის შედეგად გადარჩა, მდგომარეობიდანაც გამოვიდა, საჭმლის ჭამაც დაიწყო. ყოველდღე დავდიოდი მის სანახავად, ტელეფონითაც ვალაპარაკე მის ძმას, ეუბნებოდა, კარგად მეპყრობიან, მივლიან, არ მეშინია ქართველებისო.

დადგა ის უბედური 8 აგვისტო. იბომბებოდა ერგნეთი. მე, ჩემი თავი და შვილების სიცოცხლე გამიხდა გადასარჩენი, ძლივს გამოვასწარით. ავიყარეთ, დავიფანტეთ, სანამ გონზე მოვედით, ჰოსპიტალიც ევაკუირებული დაგვიხვდა,ა ვადმყოფებიც სხვადასხვა საავადმყოფოებში გადანაწილებული. გამახსენდა ჩემი უპატრონო ავადმყოფი და დავიწყე ძებნა თბილისის კლინიკებში. ბევრი ძიების შემდეგ მივაკვლიე ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ არა ცოცხალს…გარდაცვლილიყო. გვამი მორგში აღმოვაჩინე. იმძლავრა ცოფის ვირუსმა, იმ მძლავრმა შხამმა თუ ნივთიერებამ, რომელიც ორგანიზმმა მგლის კბილებიდან მიიღო. ვერ განვსჯი, რა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, შიში თუ ვერაგი ცოფი, მაგრამ ფაქტია, კაცი დაიღუპა. ექიმმა მითხრა, ვერ გადარჩებოდა, ისეთი სიმპტომები განუვითარდაო. ინფექციურში მიყვანისას ეხვეწებოდა თურმე, როგორმე ერგნეთამდე მიმიყვანეთ, იქ ერთი ქალია, რომელიც მპატრონობდა და ის მიშველისო. მისი პასპორტი და ავადმყოფობის ისტორია გადმომცეს.

ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ პატრონს დავურეკე და ეს ამბავი გავაგებინე. დარეკვისას სიტყვის თქმა არ მაცალა, არ დამღუპო, ცუდი ამბავი არ მითხრაო. არ ვიცი, დაიჯერა თუ არა გარდაცვალების მიზეზი. აღარ შემომხმიანებია, მეორე დარეკვაზე ტელეფონი გამითიშა. ცხედარი ცხინვალში „წითელმა ჯვარმა“ გადაასვენა. მოლაპარაკებების შემდეგ სამ ქართველ ტყვე ჯარისკაცში გაიცვალა.

ესეც ჩვენი ისტორიის, ჩვენი ცხოვრების ერთი მწარე რეალობა, ტრაგედია.  მე მტკივა, მეტირება, ვინ და რა დააბრუნებს იმ დროს, მაგრამ მაინც…

P.S. მე არ ვიცი იმ ტყვე ჯარისკაცების ვინაობას, მაგრამ უფლის წყალობით ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ, არ გამწარდა მათი სიკვდილით სამი დედა, სამი ოჯახი. წყეულიმც იყოს ომის მომგონი!

დატოვეთ კომენტარი