31 წლის თამარ კოპაძემ ოთხი წლის წინ ხელნაკეთი ტკბილეულის დამზადება დაიწყო. მთავარ ინგრედიენტად ბავშვობის საყვარელი ნუგბარი აიღო და მალე მისი ნაწარმი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც პოპულარული გახდა.
თამარი თათარისგან კანფეტ-ჩურჩხელებს აკეთებს, რომლის გულსართიც სხვადასხვა ინგრედიენტებისგან შედგება.
“ჩემს ბავშვობაში თითქმის ყოველ კვირას ვაკეთებდით ხოლმე თათარას, მიყვარდა ეს პროცესი. ძალიან პატარა ასაკში დავიწყე მეც მომზადება და აღარ მახსოვს, რამდენი წელია დედაჩემს ეს საქმე ჩამოვართვი. ასე ბავშვური გატაცება უკვე დიდობაში გადმოვიტანე. ყოველთვის მინდოდა ხელნაკეთი ტკბილეულის შექმნა, რომელიც იქნებოდა ასი პროცენტით ნატურალური და გემრიელი. მოვიფიქრე კანფეტ ჩურჩხელის დამზადება, რომელსაც შიგნით სხვადასხვა შიგთავსი აქვს”, – ამბობს თამარი.
თამარი ტკბილეულს ნატურალური პროდუქტებით ამზადებს.
“აუცილებლად უნდა აღვნიშო, რომ ჩემი დამზადებული ტკბილეული არის ეკოლოგიურად სუფთა. ბადაგს დირბულას ყურძნისგან ვაკეთებ და მნიშვნელოვანია, რომ ესეც შეუწამლავი იყოს, ეს ჯიში იძლევა ამის საშუალებას”, – აღნიშნავს ის.
თამარი ამბობს, რომ ტკბილეულის დამზადების პროცესი შრომატევადია. ამიტომ შეკვეთებს ერთი თვით ადრე იღებს.
“ორი განსაკუთრებული ტკბილეულია, კანფეტ-ჩურჩხელა, რომელიც შედგება ლეღვის შოკოლადის და ნიგვზისგან და მეორე ჯონათან სფინქსი, რომელიც მამას მივუძღვენი. მისი შიგთავსი მზადდება გოზინაყისგან, ასევე აქვს შოკოლადი და ნიგოზი. მამა ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო, პირველი ყოველთვის ის აგემოვნებდა და რჩევებს მაძლევდა. ძალიან შრომატევადია, რადგან ყველაფერი ხელით მზადდება, თან ზომით პატარებია და ბევრი დრო სჭირდება, თუმცა შედეგი ისეთია, ღირს წვალება”, – გვიყვება თამარი.
თამარი კანფეტ-ჩურჩხელასთან ერთად, ტრადიციულ ჩურჩხელასაც ამზადებს. ამჯერად მისი ტკბილეული სახლში კეთდება, თუმცა სამომავლოდ მცირე საწარმოს შექმნას და ტკბილეულის მაღაზიებში შეტანას გეგმავს.