ხაშურელმა ნატო კიკაძემ მშობლების სიყვარულის ისტორიას რომანი მიუძღვნა. ნაშრომი ავტორმა საკუთარი ილუსტრაციებით გააფორმა, თუმცა ფინანსური სირთულეების გამო, წიგნი ჯერ მკითხველამდე არ მისულა.
ნატო პატარა ასაკიდან წერს. ლექსები, ჩანახატები ნოველები, ზღაპრები და მოთხრობები სხვადასხვა ზომის და ფორმის რვეულებში აქვს თავმოყრილი. ამბობს, რომ უსახსრობის გამო, ვერ ახერხებს გამოცემას, თუმცა წერას არასდროს წყვეტს – იმედს არ კარგავს, რომ ერთ დღესაც მკითხველამდე სათქმელს აუცილებლად მიიტანს.
“ცხოვრებაში ბევრი თავსატეხი და სირთულე წარმოიშვა, დავკარგე მეუღლე, მომიწია სხვა ქვეყანაში ცხოვრება და იყო ურთულესი წლები, თუმცა წერის ჟინი არასდროს, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ დამიკარგავს”, – ამბობს ნატო.
ნატო მოსიყვარულე და მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ამბობს, რომ ბავშვობაში ხშირად მოუსმენია ბებია – ბაბუისგან, თუ როგორ უყვარდათ მის მშობლებს ერთმანეთი და როგორი გმირი მამა ჰყავდა. ბავშვობაში მოსმენილმა ამბებმა იმდენად იმოქმედა მასზე, რომ გადაწყვიტა ინფორმაცია შეეგროვებინა და დედ-მამის ისტორია ფურცლებზე გაეცოცხლებინა.
“დედამ და მამამ მთელი ბავშვობა ერთად გაატარეს და ბაღის ასაკიდან შეჰყვარებიათ ერთმანეთი. 1942 წელს მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, მამა გამოემშვიდობა თავის სიყვარულს და ომში გაიპარა, ის ქერჩში იბრძოდა, სადაც 13 ჭრილობა მიიღო. ერთ დღესაც ცნობა მოსულა სოფელში, დაჭრილი ჯარისკაცები თბილისში მატარებლით გადაჰყავთო, თუმცა ბრძანება იყო, რომ მატარებელი არსად არ უნდა გაჩერებულიყო. პაპაჩემს ხალხი ჩაურევია და 2 წუთით მატარებელი გაუჩერებია, იქ იყო დედაც, ამდენ დაჭრილ ჯარისკაცში, მამა ბიძაშვილმა იპოვა და ფანჯრიდან გამოახედა, შემდეგ უკვე მამა მიყვებოდა, დედაშენი რომ დავინახე, მეგონა მოვკვდი და სამოთხეში ვიყავიო”, – იხსენებს ნატო.
ნატო რომანზე 9 წელი მუშაობდა, ახლა მისი მთავარი სურვილი მისი წიგნად გამოცემაა.
“ისტორია შევაგროვე ახლობლებისგან და ნათესავებისგან. მინდოდა ნამდვილი და რეალური ამბები. შესაბამისად, არაფერი გამოგონილი არ არის. დედა ძალიან ჭკვიანი ქალი იყო, მამა მკაცრი სტალინელი, თუმცა არასოდეს არ მქონია შეზღუდვა, აკრძალული ლიტერატურაზე პირველს ხელი მე მიმიწვდებოდა, მამას მოჰქონდა ხოლმე, რომ წამეკითა. მზრდიდა ძალიან თავისუფალ მოაზროვნედ, არ მიშლიდა არც ცხენით ჯირითს და არც არხში ბანაობას. ყველაფერი მაქვს აღწერილი რომანში, რომელსაც “ნერგი” დავარქვი და რომელსაც 9 წელი ვწერდი. ჩემი ოცნებაა, ეს წიგნი დაიბეჭდოს და გამოიცეს, იმედია, ეს დღეც დადგება”, – ამბობს ის.
ნატოს ამ დროისთვის სამი რომანი აქვს დაწერილი და როგორც ამბობს, მისი ისტორიები რეალური და ნამდვილია.
“ჩემი ნამუშევრებით სავსეა რვეულები, უბრალო ფურცლები. როდესაც წერის სურვილი მიჩნდება, ვცდილობ, ეს ემოცია არ გავუშვა, თორემ ისეთი აღარ იქნება, როგორიც იმ მომენტშია. ვწერ ჩემს განცდებზე და ჩემს რეალობაზე. ლექსები, ჩანახატები, პოემები, ზღაპრები, მოთხრობები… არ ვიცი, ზუსტად რამდენია, მაგრამ ძალიან ბევრია. მაქვს ესკიზები, რომლებიც მინდა სამომავლოდ ჩემს ნამუშევრებს დავურთო. ჩემით ვაკეთებ პატარა ბროშურებს და ასე ვინახავ ჩემს ლექსებს”.