ახალი ამბები

“გრაკლიანის გორას ჯებირების არარსებობის გამო საფრთხე ექმნება” – ფოტოები ადგილიდან

გრაკლიანის გორას, ჯებირების არარასებობის გამო, საფრთხე ექმნება, – ამის შესახებ “მოზაიკას” ისტორიის მასწავლებელმა, ლიკა მელთაურმა უთხრა. 

ის ადგილზე იმყოფებოდა და ვითარების ამსახველი ფოტოებიც გადაიღო. 

“გრაკლიანის აღმოჩენა ნებისმიერი ქვეყნისთვის საამაყო ამბავი იქნებოდა. კარგია, რომ გადახურვაა გაკეთებული, განთავსებულია საინფორმაციო დაფებიც და ბევრი რამ ხელუხლებლადაა დატოვებული ან წარმოსახვითი რეალობაა შექმნილი, რაც იმ ყოფაში გვაბრუნებს თითქოს. ობიექტი დაცვაზეა აყვანილი; შესვლა შეუძლია ყველას და ეს კარგიც არის და ცუდიც, რადგან ჩემი აზრით, პრობლემაა, რომ ნებისმიერს შეუძლია გადავიდეს, გადაქელოს, ნივთებს ადგილი შეუცვალოს და ა.შ. პოლიცია კი მოვა, მაგრამ დაზიანების შედეგი?”, – ამბობს მელთაური. 

მასწავლებლის თქმით, გრაკლიანისთვის მთავარ საფრთხეს ჯებირების არარსებობა ქმნის, რადგან სივრცე წვიმებისგან და ნიაღვრებისგან დაუცველია. 

“პრობლემაა წვიმები და ნიაღვრები, უფრო სწორად, ჯებირების არარსებობა, რადგან ბევრი ადგილი ჩამორეცხილია და ერთგან ჭურჭლის ნამსხვრებებიც კი ჩანს, რაც მეეჭვება მანამდე ხილული ყოფილიყო. გაჩენილია წყლის ძლიერი ნაკადებისგან ღარები, რაც ყველაფერს, ასე დაუცველად, მზის, წვიმის და ხელის გულზე რომ დევს, შეუიარაღებელი თვალითაც უქმნის საფრთხეს ისტორიას”, – აღნიშნავს მასწავლებელი. 

შეგახსენებთ, რომ გრაკლიანის გორა 2008 წელს, გზატკეცილის გაფართოებასთან დაკავშირებით ჩატარებული გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ზედა ტერაების გათხრა შეჩერებულია. ჯერჯერობით არც მუზეუმი გახსნილა, სადაც აღმოჩენილი ნივთები უნდა გამოიფინოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.