ადამიანები ისტორიები

“ჩემი სოფლის ბანერს რომ ვხედავ, თავი უკვე სახლში მგონია” – მასწავლებელი საოკუპაციო ხაზიდან

სოფო ურიგაშვილი ჯერ ერთ სკოლაში მიდის, შემდეგ მეორეში და სახლში დაბრუნებულიც  გაკვეთილებს ატარებს. ცხოვრების უმეტეს ნაწილს მოსწავლეებს უთმობს და ამბობს, რომ სწორედ ესაა ის, რაც ყოველთვის უნდოდა. 

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მასწავლებელი ქიმიას ფლავსა და გორში ასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე სოფლიდან ქალაქში სიარული დამღლელია, მეჯვრისხევის დატოვება არ უნდა. ამბობს, რომ იქაურობა უყვარს და რომ მისი სახლი იმ ბანერიდან იწყება, რომელიც სოფლის დასაწყისში დგას. 

“აქ დავიბადე და გავიზარდე. ოჯახიც აქ შევქმენი და შეუძლებელიც კია, რომ არ მიყვარდეს ეს ადგილი. მახსოვს, სტუდენტობის დროს, წასული რომ ვიყავი და რო მოვდიოდი ხოლმე, მეჯვრისხევის ბანერს დავინახავდი თუ არა, გული სულ მიფანცქალებდა სიხარულისგან. ახლაც ასეა, ბანერის დანახვაც კი მაბედნიერებს, რო აი უკვე სახლში მივდივარ, სახლში ვარ”. 

უყვარს საკუთარი სახლი, რომელსაც უყურებს და ამბობს, აქ თუ რამეს ხედავთ, ყველაფერი ჩემი წვალებით არისო. იგივეს მეუბნება საკუთარი კარიერაზეც, საკუთარ სტუდენტობაზეც. 

“მოკლედ მართლა ძალიან ნულიდან დავიწყე ისეთი ნულიდან, რომ ვერც წარმოიდგენ და თუ თუ რამისთვის მიმიღწევია, მართლა ჩემი წვალებით”.

სოფომ ისე ჩააბარა უნივერსიტეტში, რომ ამის შესახებ დედამაც კი არაფერი იცოდა. ოჯახისთვის არც სწავლის გადასახადი უთხოვია, მუშაობდა და გამოცდებისთვის მოსამზადებელ ფულს ასე აგროვებდა. ახსოვს ის დღე, როცა უნივერსიტეტში ჩაირიცხა და გააცნობიერა, რომ შენობაში ის ერთადერთი იყო, ვისაც კართან არავინ ელოდა, რადგან უნივერსიტეტში ჩაბარების განზრახვა არავისთვის გაუმხელია. 

“ერთადერთი იმაზე დამწყდა გული, რომ უნივერსიტეტის კიბეებიდან რო ჩამოვრბოდით, სხვებს დაბლა ელოდებოდნენ ვიღაცეები და მე არავინ მელოდებოდა. სამაგიეროდ, სახლში რომ მოვედი, დედამ აივნიდან გადმომხედა და მე ვკითხე, ყველაზე მეტად რას ინატრებდი მეთქი. დედაჩემი მეორე სართულზეა და მე დაბლა. შვილო შენ გნახო დაწყნარებული და შენი სტუდენტობაო, ხოდა ჩავაბარე, სტუდენტი ვარ-მეთქი, ავძახე”. 

სოფოს ძირითადი სპეციალობა ქიმია-ტექნოლოგიური, დამატებითი კი მათემატიკაა, თუმცა ტექნოლოგიების განხრით არასდროს მიმუშავია. უკვე 15 წელია, ის ახალგაზრდებს ქიმიას ასწავლის.

“არც მასწავლებლობის დაწყება ყოფილა ადვილი საქმე”, – მითხრა ამ თემის ხსენებისას და ის წლები გაიხსენა, როცა მუშაობას ვერც ერთ სკოლაში ვერ იწყებდა. მიზეზი კი ის იყო, რომ სოფოს პედაგოგის დიპლომი არ ჰქონდა. 

სკოლაში რო მივდიოდი და განცხადებას დავწერდი, მეუბნებოდნენ, რომ უნდა ჩააბარო გამოცდა. გამოცდას კი ვერ ვაბარებდი იმის გამო, რომ სკოლაში უნდა მუშაობდე ანუ ორი შეუსაბამობა იყო”, – იხსენებს სოფო. 

სწორედ იმ პერიოდში, სოფომ ერთ-ერთი კერძო სკოლისგან შემოთავაზება მიიღო.

“ჩუხრუკიძის ლიცეუმმა მიმიწვია, როგორც მიწვეული მასწავლებელი და ზუსტად ასე მითხრა, გამოცდას ჩააბარებო, მაგის იმედი გაქვსო.  მე ვუთხარი, დარწმუნებული ვარ მაგაში, ეჭვიც არ მეპარება, უბრალოდ შანსი მომეცით-მეთქი”.

მიწვეულ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან ერთ თვეში, სოფომ გამოცდა წარმატებით ჩააბარა და აქედან სკოლა მისი ცხოვრების ნაწილად იქცა. 

“ბავშვებთან ურთიერთობა მიყვარს. მიყვარს მათგან წამოსული ინტერესი. მათი გამოხედვით ვგრძნობ, რა გაიგეს და რა ვერ გაიგეს ჩემი ახსნილიდან. სიამოვნებაა ბავშვებისთვის მუშაობა. ისინი ყველაზე კარგად ამჩვნევენ მასწავლებლის სიყვარულს და სამართლიანობას. ეს ორი რამ ყველაზე მნიშვნელოვანია სკოლაში მუშაობისას და ეს სულ მახსოვს. არასოდეს მინანია ის ბრძოლა და ის შრომა, რომელიც ამ პროფესიის მიღებისთვის დავხარჯე”.

იმით, რომ საყვარელი პროფესიის მიღება და შემდეგ ამ პროფესიით დასაქმება მისთვის მარტივი არ ყოფილა, ამბობს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ისწავლა:

“შეიძლება ძალიან რთული იყო ეს გზა, მაგრამ ამან მასწავლა, რომ დასახული მიზნის მისაღწევად ყოველთვის უნდა იბრძოლო. რა დაბრკოლებებიც არ უნდა შეგხვდეს წინ და სულ რომ მარტოს რომ მოგიწიოს ამ გზაზე სიარული, უნდა გწამდეს და გჯეროდეს საკუთარი თავის და საბოლოო შედეგს ყოველთვის მიაღწევ”.


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.