მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის ახალი შენობა “ქართული ოცნების” შემომწირველმა კომპანიამ ააშენა, – ბაღი 2 წელია დაკეტილია. უცნობია გახსნის თარიღიც.
180 ბავშვზე გათვილი შენობა თანამედროვე სტანდარტებით აშენდა, თუმცა აღსაზრდელები სკოლამდელ განათლებას ისევ ალტერნატიულ ფართში იღებენ, რომელიც ერთ-ერთი ადგილობრივის ორ სართულიან სახლშია განთავსებული.
ამავე თემაზე: გასულ წელს დასრულებული შენობა, ისევ უფუნქციოა – რა ელის მეჯვრისხევის საბავშვო ბაღს
“ამბობენ, რომ წყალი დგებაო, დასანგრევი და თავიდან ასაშენებელიაო”.
“სველი წერტილების მოწყობა დაავიწყდათო, ასე მოვკარი ყური”, – ამბობენ მეჯვრისხეველები.
მეჯვრისხევის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის ფარგლებში გამოყო. ამავე უწყებამ ტენდერით შეარჩია კომპანია “პროდიუს ინვესტმენტ”, რომელსაც 2 670 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. კომპანიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 330 დღეში უნდა დაესრულებინა.
აღნიშნული კომპანიის დირექტორი, ამირან წკრიალაშვილი “ქართული ოცნების” შემომწირველია. მან 2021 წელს პარტიას 10 000 ლარი შესწირა.
როდის გაიხსნება აღნიშნული შენობა, ამ კითხვით “მოზაიკამ” სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს კიდევ ერთხელ მიმართა. ამჯერად სააგენტოში განაცხადეს, რომ შენობა სექტემბერში გაიხსნება. რაც შეეხება დამკვეთს, აშენებული შენობის ფუნქციონირებაზე და გახსნის გაჭიანურებაზე პასუხისმგებლობას იხსნის მუნიციპალური ფონდი. უწყება ამბობს, რომ მათ მიერ დაქირავებულმა კომპანიამ სამუშაოები დაასრულა.
“სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით კონტრაქტორმა კომპანიამ „პროდიუს ინვესტმა“ დაასრულა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საბავშვო ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოები. რაც შეეხება ობიექტის ფუნქციონირებასა და ექსპლუატაციას, აღნიშნული საკითხები სცილდება ფონდის უფლებამოსილებებს და არ შედის მის კომპეტენციაში”, – განუცახდეს “მოზაიკას” საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
ინფორმაციისთვის, გასულ წელს გორის მერმა ანგარიშის წარდგენისას, მეჯვრისხევის საბავშვო ბაღი დასრულებულ პროექტად მოიხსენია, თუმცა არ უხსნებია კონკრეტული ვადა, როდის გაიხსნებოდა შენობა.