სტატიები

რა მდგომარეობაშია “ახალბაღიდან” აღებული ატრაქციონები და რა გეგმა აქვს მერიას?

რა მდგომარეობაში “ახალბაღის” ტერიტორიიდან აღებული გასართობი ატრაქციონები და რას უპირებს მათ ადგილობრივი ხელისუფლება? – ამის გარკვევა ჟურნალისტებმა გორის მერთან სცადეს. 

საუბარია ატრაქციონებზე, რომლის მონტაჟისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 800 000 ლარი დაიხარჯა. მათი განთავსება ქალაქის მთავარ დასასვენებელ სივრცეში 2020 წლის ბოლოს მოხდა, ნახევარ წელში კი პარკი დაიხურა და ამ ატრაქციონების დემონტაჟი გახდა საჭირო. 

ატრაქციონების შეძენას და მონტაჟს რეაბილიტაციის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე,  ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის მაგალითად მიიჩნევს ოპოზიცია. 

“ქალაქის ბიუჯეტი წყალში გადაიყარა. მერიამ ატრაქციონებში ფული ისე დახარჯა, რომ მოსახლეობას ამით არც კი უსარგებლია. ცხადია, მუნიციპალიტეტმა იცოდა, რომ ცენტრალური პარკი მალე დაიკეტებოდა და მიზანმიმართულად დახარჯა ბიუჯეტის ფული უფუნქციო ატრაქციონებში”, – ამბობს ენმ-ის წევრი ბექა ქორჩილავა.

პარტია მიიჩნევს, რომ ამ საკითხით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე პასუხისმგებელი პირები გამოავლინოს. 

ჟურნალისტებმა გორის მერს ამის შესახებაც კითხეს, რაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ასეთი პასუხი გასცა:

“გამომძიებელი არ ვარ, რომ გამოვიძიო. გავარკვევთ, რა ხარვეზებია და შემდეგ იქნება ყველაფერი შესაბამისად”, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა. 

მისივე თქმით, ატრაქციონების აღდგენა “ახალბაღის” რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტით გათვალისწინებული არ არის, თუმცა თუ ამის საჭიროება იქნება, ეს სხვა პროექტის ფარგლებში მოხდება. 

“თუ დაზიანებულია, რა თქმა უნდა, რეაბილიტაციაც შევა, ამ პროექტში არ შედის. ამ პროექტთან კავშირი არანაირი არა აქვს ამას. ჩაუტარდება ის სამუშაოები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იმუშაოს ამ გასართობმა ატრაქციონებმა”, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ნოემბერში, “ახალბაღში” რამდენიმე ახალი ატრაქციონი დაიდგა. მათ შორის იყო კარუსელი, მფრინავი სკამები, გემი და ელექტრო მატარებელი. პარალელურად, ავტოდრომსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ამისთვის ბიუჯეტიდან 800 000 ლარი დაიხარჯა. 

“ახალი ატრაქციონების მოწყობა იყო გორელი პატარებისა და მათი მშობლების ერთ-ერთი დიდი სურვილი, რომლის განხორციელებასაც მათ მე საარჩევნო კამპანიის დროს დავპირდი“, – განაცხადა მაშინ გორის მაშინდელმა მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა. 

მისი ამ განცხადებიდან 8 თვეში, რეაბილიტაციის მიზნით, “ახალბაღი” დაკეტეს და ამ დრომდე, მისი გახსნის ზუსტი თარიღი საზოგადოებამ არ იცის. 

ამავე თემაზე: როდის დასრულდება “ახალბაღის” რეაბილიტაცია? 

ამავე თემაზე: მგფ “ახალბაღის” რეაბილიტაციის ფოტოებს აქვეყნებს, თუმცა გახსნის თარიღს არ აკონკრეტებს 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.