ახალი ამბები

მგფ “ახალბაღის” რეაბილიტაციის ფოტოებს აქვეყნებს, თუმცა გახსნის თარიღს არ აკონკრეტებს 

მუნიციპალური განვითარების ფონდი “ახალგაღში” სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ქალაქის ცენტრალური სკვერის გახსნის თარიღზე კვლავ არაფერია ნათქვამი. 

“ქალაქ გორში კულტურისა და დასვენების პარკის (ახალბაღის) რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის 9.3 მილიონი ლარის მხარდაჭერით ახორციელებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, “ახალბაღი” რეაბილიტაციის დაწყებამდე, უფუნქციო იყო. 

“დაზიანებული და უფუნქციო „ახალბაღის“ პარკის რეაბილიტაციის შედეგად, გორის მოსახლეობა და ქალაქის სტუმრები სრულად განახლებულ, კეთილმოწყობილ პარკში შეძლებენ დასვენებას. განახლებული პარკი ღონისძიებების ჩატარების აქტიური სივრცეც გახდება”.

ტექსტის თანახმად, ახლა ხელოვნური ტბის და პარკის ცენტრალურ შესასვლელთან არსებული 2 შადრევნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

“რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას ასევე, ახალი საფეხმავლო ბილიკების, ფანჩატურების და სპორტული ზონის მოწყობას.  გათვალისწინებულია პარკის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, მათ შორის, საზოგადოებრივი საპირფარეშოსა და ღია კაფეებისთვის სივრცეების მოწყობა.”.

მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, უზრუნველყოფილი იქნება ახალი საინჟინრო ქსელის გაყვანა, რაც მოიცავს, როგორც საკანალიზაციო, ისე წყალსადენის და საირიგაციო ავტომატიზებულ სისტემებს.

“პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. შეიქმნება ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც განახლებულ პარკს ბევრად უფრო კომფორტულს გახდის, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე, მთელი ქალაქის მოსახლეობისთვის. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ისე ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.”

ტექსტში, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა, კვლავ არაფერია ნათქვამი “ახალბაღის” გახსნის თარიღზე. 

შეგახსენებთ, რომ “ახალბაღი” ორი წლის წინ, ზაფხულში დაიხურა, თუმცა პირობა, რომ გორის მთავარი დასასვენებელი სივრცე, 2021 წლის 15 ივლისს ერთი წლით იკეტებოდა, რამდენჯერმე შეიცვალა – გახსნის თარიღმა ჯერ 2022 წლის ბოლომდე, შემდეგ კი გაურკვეველი ვადით გადაიწია. 

default
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.