ახალი ამბები

კურორტ “მწერლების” მეპატრონეს ყიფიანის სახლ-მუზეუმის მიწის მიტაცებაში ადანაშაულებენ

ხაშურის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის, სამუზეუმო გაერთიანების უფროსი ქვიშხეთში მდებარე დიმიტრი ყიფიანის სახლ მუზეუმის მიწის მიტაცებაში კურორტ “მწერლების” მეპატრონეს ადანაშაულებს.

თამაზ ლაცაბიძის სიტყვებით, მიტაცებულია ვრცელი ტერიტორია.

“მიუხედავად ჩვენი, და არა მარტო ჩვენი, არაერთგზის გაფრთხილებისა, ახალი მეზობელი ნაკვეთში კვლავ გამალებულ სამუშაოებს აწარმოებს. ავი ენები იმასაც ამბობენ, რომ ამ ტერიტორიას ახალი მეზობელი მალე ,,დაითრევსო“. ნეტავი, ვინც ამას ამბობს, ისიც ხომ არ იცის, ახალ მეზობელს ზურგს ვინ უმაგრებს და აქეზებს, მიდი, ნუ გეშინია, ნაკვეთი რამდენიც გინდა მიიტაცე, და რაც გინდა გააკეთე, შემომდავებელი არავი იქნებაო”, – წერს სოციალურ ქსელში თამაზ ლაცაბიძე. 

ა(ა)იპ-ის უფრო გამოთქვამს ვარაუდს, რომ “მწერლების” მეპატრონე ნაკვეთის დარეგისტრირებას აპირებს.

“მეზობელს თავისი დასასვენებელი სახლისთვის ძალზე პრესტიჟული სახელი |მწერლები“ დაურქმევია. როგორი ამბავია, “მწერლები“ იტაცებენ დიმიტრი ყიფიანის საკარმიდამო ნაკვეთს. დავიჯერო, ვერ აცნობიერებენ, რომ სხვისი ქონების ხელყოფა კანონით დაუშვებელია. მიტაცებულ ნაკვეთს, ალბათ, იურიდიული გაფორმებაღა აკლია”, – წერს ლაცაბიძე. 

საკითხის გასარკვევად, “მოზაიკა” ხაშურის მერიას დაუკავშირდა. 

“ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტსა და “მწერლებს” შორის რაიმე სახის სამართლებრივი დავა არ მიმდინარეობს, სხვა ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ”, – გვითხრა მერიის პრესსამსახურის უფროსმა ნინო სუხიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები