სტატიები

“ბაღი თავზე ენგრევათ ბავშვებს” – თელიანში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობას ითხოვენ

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში საბავშო ბაღის მშენებლობას ითხოვენ. მოქალაქეები ამ მოთხოვნას “მოზაიკას” იმ მასალის შემდეგ აჟღერებენ, რომელიც კასპის 8 სოფელში დაგეგმილ საბავშვო ბაღების  მშენებლობას ეხებოდა. 

“მე არც ერთ სოფელთან არ მაქვს პრობლემა. აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველა სოფელს კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი, მაგრამ კონკრეტული კრიტერიუმები ხომ არსებობს, რის საფუძველზეც წყვეტენ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხს, თელიანში როდის მოგვარდება ეს პრობლემა?”, – კითხულობს ერთ-ერთი ადგილობრივი ქეთი მიხანაშვილი.

მისი ინფორმაციით, თელიანის საბავშვო ბაღში გაუსაძლისი პირობებია.

“აღსაზრდელები 1 ოთახში ჭამენ, თამაშობენ, სძინავთ და ასე შემდეგ. აღმზრდელებს არ აქვთ შესაბამისი გარემო, რომ ნორმალური აქტივობა ჩაატარონ, ყველაზე მნიშვნელოვანი ირღვევა ბავშვების უფლებები, სირცხვილია უბრალოდ. სოფელი, სადაც მინიმუმ 200 კომლი ცხოვრობს, ფაქტიურად ბაღის გარეშეა დარჩენილი”, – აღნიშნავს ქეთი მიხანაშვილი.

ახალი საბავშვო ბაღის აშენების საჭიროებაზე წერენ სხვა მოქალაქეებიც. 

“სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ნუთუ, თელიანის საბავშვო ბაღის მდგომარეობა კასპის მერიაში არ იციან?”, – წერს მარინე ბერიაშვილი.

“ბაღი თავზე ენგრევათ ბავშვებს თელიანში და ჩამონათვალში არსად არ წერია”, – წერს რუსუდან ნასყიდაშვილი.

“ყველამ უნდა მოვითხოვოთ. აბა არᲩევნების დრო იყოს ხმებისთვის როგორ ირბენენ”, – აღნიშნავს ამბობს თინა ქიტიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  კასპის მუნიციპალიტეტში ბაღების მშენებლობა იგეგმება ფერმაში, ოკამში, ლამისყანაში, მეტეხში, ახალციხეში, ქვემო გომში, თვალადსა და ახალქალაქში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი